ამილახვარი – „აგენტების კანონზე": რაც კანონშია გაწერილი, ის უნდა შეასრულონ, მორჩა!
01/08/2024 09:41:47 პოლიტიკა
მოვუწოდებ, დაემორჩილონ კანონს და კანონის ნორმები შეასრულონ! წერტილი! - ასე უპასუხა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა „აგენტების კანონის" ამოქმედებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
“რაც კანონშია გაწერილი, ის უნდა შეასრულონ, მორჩა!“, - განაცხადა მინისტრმა.
"ქართული ოცნების" მიერ მასშტაბური პროტესტის მიუხედავად მიღებული "აგენტების კანონი" 1 აგვისტოდან ამოქმედდა.
კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.
კანონით გათვალისწინებულია, რომ "უცხოური ძალის გამტარ ორგანიზაციად" რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ამასთან, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ინფორმაციის წარუდგენლობისთვის ყველა პირი, მათ შორის ფიზიკური პირი 5000 ლარით დააჯარიმოს.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ოცნების მიერ რეგისტრირებულ "აგენტების" ბაზაში არ დარეგისტრირდებიან.
ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელებია წარდგენილი, გარდა ამისა, განიხილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დავა.


