
"აგენტების კანონი" ამოქმედდა
01/08/2024 07:27:11 პოლიტიკა, სამართალი
"ქართული ოცნების" მიერ მასშტაბური პროტესტის მიუხედავად მიღებული "აგენტების კანონი" 1 აგვისტოდან ამოქმედდა.
კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.
კანონით გათვალისწინებულია, რომ "უცხოური ძალის გამტარ ორგანიზაციად" რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ამასთან, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ინფორმაციის წარუდგენლობისთვის ყველა პირი, მათ შორის ფიზიკური პირი 5000 ლარით დააჯარიმოს.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ოცნების მიერ რეგისტრირებულ "აგენტების" ბაზაში არ დარეგისტრირდებიან.
ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელებია წარდგენილი, გარდა ამისა, განიხილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დავა.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას, რომლის მიღების მცდელობამაც 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია და საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონს შარშანდელი პროექტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. .
მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.
საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.
"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებდა. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები არ დაკონკრეტებულა.
4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.
9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.
31 ივლისს აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას უჩერებს.