რობაქიძე ყვება, რატომ დაულია პატიმარს ყავა, შეუჭამა შოკოლადი, მოუწია სიგარეტი და ისარგებლა სველი წერტილით [ვიდეო]
24/01/2020 20:22:04 საზოგადოება
სახალხო დამცველის აპარატის ყოფილმა თანამშრომელმა, 29 წლის იურისტმა ნიკოლოზ რობაქიძემ, რომელიც იუსტიციის მინისტრმა საპატიმროში ომბუდსმენის თანამშრომლების არაეთიკური ქცევის მაგალითად მოიყვანა და თან ვიდეო წარადგინა, „ტვ პირველის“ ეთერში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. მინისტრის შეფასებით, არაეთიკურ ქცევაში კი იგულისხმება ის, რომ წარმომადგენელს დახეული ჯინსები“ აცვია, ორჯერ სვამს პატიმრის მიერ მოდუღებულ ყავას, ჭამს პატიმრის შოკოლადს, ეწევა პატიმრის სიგარეტს, სარგებლობს პატიმრისთვის განკუთვნილი სველი წერტილით და ჯამში ოთხი საათის განმავლობაში იმყოფება საპატიმროში.
იურისტმა ინტერვიუ იმავე სამოსით შემოსილმა მისცა, რომლითაც იმყოფებოდა საპატიმროში, რომლის ამსახველი კადრებიც მინისტრმა წარადგინა პარლამენტში. აღმოჩნდა, რომ ჯინსები „დახეული“ არ ყოფილა.
„ვფიქრობ, ყურადღების გადატანის საშუალება იყო, გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველს კარგი ანგარიში ჰქონდა, თუმცა იყო მცდელობა, საზოგადოების ყურადღება გადაეტანათ ნაკლებად აქტუალურ საკითხზე, რომელიც ყავას და შარვალს მოიცავდა“,– ამბობს რობაქიძე.
ის იხსენებს, რომ მაშინ საპატიმროში უშუალოდ პატიმრის განცხადებით იმყოფებოდა რუსთავის #6 საპატიმრო დაწესებულებაში:
„ეს მაღალი რისკის დაწესებულებაა. ნახეთ, რომ პატიმარი მარტო იმყოფებოდა. როდესაც ითხოვს სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრას, რაღაც პრობლემა აქვს. აქ არ არის საუბარი ნდობის მოპოვების გამო ყავის დალევაზე და ა.შ. რეალურად, კარგი მონიტორის საიდუმლო იმაშია, რომ ის უნდა იყოს გულწრფელი. ალბათ, კადრიდანაც ჩანს, გაუხარდა, რომ შევედი, ესმოცია დაიბადა, მეც გადმომედო, გადავეხვიეთ, დავსხედით და ვისაუბრეთ მის პრობლემებზე. ერთი დღის განმავლობაში სახლში მარტო დარჩენაა ჩვეულებრივი მოქალაქისთვის რთული, ის კი იქ ცხოვრობს, გარკვეული წლები უნდა გაატაროს, როგორც შეუძლია, ისე უნდა მოერგოს ვითარებას. მიმასპინძლა“.
რობაქიძე თვლის, რომ იუსტიციის მინისტრის მხრიდან იყო პროფესიული დისკრედიტაციის მცდელობა, თუმცა არა თავად, არამედ პატიმრების ინტერესი დაზარალდა და დაზარალდა ის საქმე, რასაც მისი შეფასებით, სახალხო დამცველის აპარატში ძალიან ბევრი ადამიანი ენთუზიაზმის ხარჯზე აკეთებს:
„ეს ნიშნავს, რომ კადრები დაარქივებულია და შეუძლიათ, ამოიღონ. ეს პატიმრებისთვის არის მესიჯი“.
რობაქიძე არ გამორიცხავს, რომ სამართლებრივ გზებს მიმართოს.


