რა სამართლებრივი საფუძვლით შეინახა და გაავრცელა ვიდეო იუსტიციის მინისტრმა [VIDEO]

21-01-2020 15:11:17 პოლიტიკა ,სამართალი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ირწმუნება, რომ ვიდეო, რომელიც სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ პენიტენციურ სისტემაში მონიტორინგის განხორციელებას ასახავს, კანონიერად არის ჩაწერილი და შენახული. საუბარია ვიდეოზე, რომელიც წულუკინმა ომბუდსმენის აპარატის თანამშრომელთა „არაეთიკური ქცევის“ საილუსტრაციოდ პარლამენტში წარადგინა და მას „პრობლემური“ უწოდა.

არაეთიკულ ქცევაში კი იგულისხმება ის, რომ წარმომადგენელს დახეული ჯინსები“ აცვია, სვამს პატიმრის მიერ მოდუღებულ ყავას და სარგებლობს პატიმრისთვის განკუთვნილი სველი წერტილით.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ აღნიშნული თანამშრომელი აპარატში არ მუშაობს, თუმცა დაინტერესდა ვიდეოს შენახვის და გავრცელების სამართლებრივი საფუძვლით, რის შესწავლასაც აპარატი გეგმავს. ირკვევა, რომ ვიდეო ჩაწერილია რამდენიმე თვის წინ.

ამასთან, ლომჯარიას თქმით, როდესაც აპარატი იუსტიციის სამინისტროსგან, მათ შორის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ვიდეოჩანაწერებს ითხოვს, არ აწვდიან იმ არგუმენტით, რომ წაშლილია.

აღსანიშნავია, რომ ვიდეოკადრები წაშლილი აღმოჩნდა ექს–პრემიერ ვანო მერაბიშვილის „საკნიდან გაყვანის“ ეპიზოდთან დაკავშირებითაც.

„ეს ვიდეოები არის აბსოლუტურად კანონიერად ჩაწერილი, ვინაიდან თითოეულ იმ სივრცეში, სადაც ვიდეოჩანაწერები განხორციელდა, მითითებულია, რომ მიმდინარეობს ვიდეოჩაწერა. ეს არ არის ახალი სახალხო დამცველისთვის და არავისთვის, რომ მათივე ან სხვათა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, პატიმართა ზოგიერთი საკანი აღჭურვილია ვიდეომეთვალყურეობის სისტემით. აქედან გამომდინარე, ვიდეოები ინახება სახალხო დამცველის რეკომენდაციის გათვალისწინების შემდეგ, რაც მე გავაკეთე. მან მითხრა, შენ თავზე არ ისაუბროო, თუმცა მე გამოვეცი ეს ბრძანება. სრულად კი არ გავიზიარე სახალხო დამცველის რეკომენდაცია, არამედ იმაზე მეტად შორს წავედი, ვიდრე სახალხო დამცველს წარმოედგინა. რეალურად, დღეს გვაქვს შესაძლებლობა, მათ შორის ტექნიკური, რომ არაერთ დაწესებულებაში ხანგრძლივად დავაარქივოთ და მოვუაროთ ჩანაწერებს, რომლებიც კანონიერად არის გაკეთებული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები