Accentnews.ge
ოპოზიცია – რუსი დიპლომატის მიერ აგვისტოს ომის შესახებ "ოცნების" ციტატის გამეორებაზე: "ეს იყო წინასწარ დალაგებული საკითხი, ეს საკუთარი ქვეყნის ღალატია"

ოპოზიცია – რუსი დიპლომატის მიერ აგვისტოს ომის შესახებ "ოცნების" ციტატის გამეორებაზე: "ეს იყო წინასწარ დალაგებული საკითხი, ეს საკუთარი ქვეყნის ღალატია"

15/08/2024 09:31:04 პოლიტიკა

ოპოზიციაში ეხმიანებიან რუსი დიპლომატის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადების გამეორების ფაქტს.

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის ქმედება "საკუთარი ქვეყნის და ხალხის ღალატია".

"რა თქმა უნდა, ეს იყო წინასწარ დალაგებული საკითხი, რომ "ქართულ ოცნებას" ხელი გაეხსნა კრემლისთვის, მიეცა დამატებითი არგუმენტები, რომ ამ შემთხვევაში არა მხოლოდ საქართველოა დამნაშავე ამ ომში, არამედ დასავლეთიც, რომლის წაქეზებითაც ეს ომი მოხდა და სხვა რა უნდა დაარქვა ამას, თუ არა საკუთარი ქვეყნის და ხალხის ღალატი", – განაცხადა აქუბარდიამ "ტვ პირველის" ეთერში.

პარტია "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია "ქართული ოცნების" ხელისუფლებას " მოღალატეს" უწოდებს.

"ეს არის მკაფიო დასტური იმისა, რომ საქართველოს მართავს რუსეთის მსახური ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებდა და აკეთებს იმისათვის, რომ რუსული ეროვნული და გეოპოლიტიკური ინტერესები იქნას წინ წაწეული ქართული ეროვნული ინტერესების ხარჯზე. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც საკუთარ ხელისუფლებას დასდო ბრალი, რომელიც ასამართლებს საკუთარ ერს, ისტორიას და ემტერება, საკუთარ ეროვნულ და საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს. ეს არის მოღალატე ხელისუფლება, რომელიც არის ჩართული კაპიტულაციის ფართომასშტაბიან ოპერაციაში", – განაცხადა მან "ტვ პირველის" ეთერში.

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ "რუსული მხარის მიერ „ქართული ოცნების“ გამონათქვამების გამოყენება მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად დამაზიანებელია, არსებული ძალის საქართველოს ხელისუფლებაში დარჩენა ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებისთვის".

"კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც მიმდინარეობდა, საქართველო გაამართლა და უფრო მეტიც, სანქციებიც კი გასცა რუსი დამნაშავეების წინააღმდეგ. შესაბამისად, საკითხზე, თუ ვისი ბრალი იყო აგვისტოს ომი, პასუხი გაცემულია და ყველა, ვინც ამ საკითხის გადახედვას შეეცდება, ჩემთვის არის პოლიტიკური ნაძირალა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

რა თქვა რუსმა დიპლომატმა გაერო–ში

გაერო–ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ 2008 წლის აგვისტოსთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება გაიმეორა.

„უპირველეს ყოვლისა, ყოველ წელს ჩვენ ძალიან გვაკვირვებს ჩვენი დასავლელი კოლეგების მანიაკური სურვილი, განიხილონ 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სააკაშვილის აგრესიის საკითხი, იმ ფაქტების, რომლებიც იხსნება და საქართველოს ხელისუფლების პოზიციის გათვალისწინებით, ეს სულ უფრო მოგვაგონებს მაზოხისტურ სავარჯიშოს. მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. უბრალოდ, თქვენი ნებართვით, წავიკითხავ საქართველოს პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს განცხადებას, ეს არის პირდაპირი ციტატა“, - განაცხადა პოლიანსკიმ და მოიყვანა ციტატის შემდეგი ნაწილი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მიერ 13 აგვისტოს გამოქვეყნებული განცხადებიდან:

„ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო... ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.“

შემდეგ კი პოლიანსკიმ დაამატა: „შეეცადეთ გაიხსენოთ ეს სიტყვები მოგვიანებით, როდესაც ჩვენი დასავლელი კოლეგები გამოვლენ ამ ტრიბუნასთან და დაიწყებენ თქვენ მოტყუებას იმის შესახებ, რა მოხდა იმ მომენტში“.

რა თქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაერო-ს უშიშროების საბჭომ აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა.

საგარეო უწყება გავრცელებულ ინფორმაციაში უცხოელი დიპლომატების მოწოდებებზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა გაერო–ში რუსი წარმომადგენლის მიერ "ქართული ოცნების" განცხადებიდან ციტატის მოყვანასთან დაკავშირებით დუმს.

"2024 წლის 14 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა.

სხდომის ფარგლებში, უშიშროების საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა გაეროსთან მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი, ფრანჩესკა გატი, რომელმაც საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.

სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან ერთობლივი განცხადება გააკეთეს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების - აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იაპონიის, მალტასა და სლოვენიის, ასევე საბჭოს მომავალი წევრი ქვეყნების - დანიისა და საბერძნეთის წარმომადგენლებმა.

განცხადებაში მათ აღნიშნეს, რომ 16 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიებზე უკანონო შეჭრის შემდეგ. 2008 წელს, საქართველოში შეჭრით, გამოვლინდა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გაძლიერება მისი მეზობელი ქვეყნებისა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისადმი.

ზემოხსენებული ქვეყნების წარმომადგენლებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი და შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევის გამო. მათ დაგმეს საქართველოს განუყოფელ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების სასტიკი შეჭრა და განგძრობადი უკანონო განლაგება, რაც ეწინააღმდეგება გაერო-ს ქარტიას, რუსეთის ეფექტური კონტროლი, და ამ რეგიონების ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯები, რომლებიც ორივე რეგიონის რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, იუსტიციის, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში ინკორპორირებას ისახავს მიზნად, მათ შორის, ინტეგრაციის ხელშეკრულებების ხელმოწერა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების - ბიჭვინთის კურორტის, სოხუმის აეროპორტისა და ოჩამჩირის პორტის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემა, უკანონო ე.წ. არჩევნების ჩატარება.

აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, იაპონიის, მალტას, სლოვენიის, დანიისა და საბერძნეთის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან", – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: რუსეთის ფედერაცია დიდი ხანია, ცდილობს იმ სიცრუის ტირაჟირებას, თითქოს როგორც საქართველოსთან 2008 წლის, ისე ამჟამად უკრაინასთან მიმდინარე ომში დამნაშავე არა კრემლის იმპერიალისტური ზრახვების რელიზატორები, არამედ დასავლეთია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აგვისტოს ომის მე-16 წლისთავზეც გაიმეორა, რომ „საქართველოს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის დანაშაულებრივი ავანტიურის საპასუხოდ რუსეთს სხვა არაფერი რჩებოდა, გარდა აგრესორისთვის მშვიდობის იძულებისა“ და იქვე დაამატა, რომ "დასავლეთი დღემდე საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უსაფრთხო და ღირსეულ არსებობას“.

არადა, ის ფაქტი, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომისთვის მზადება საქართველოში სრულმასშტაბიან შემოჭრამდე ბევრად ადრე - 2006-2007 წ.წ. დაიწყო, 2012 წელს სომხეთში ვიზიტისას თავად პრეზიდენტ პუტინს საჯაროდ აქვს დადასტურებული:

"იყო გეგმა და ჩემი აზრით, ეს საიდუმლო არ არის. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში მოქმედებდა რუსული მხარე. ამაზე ადრე საჯაროდ უკვე ვისაუბრე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. გეგმა გენერალურმა შტაბმა მოამზადა სადღაც 2006 წლის ბოლოს ან 2007 წლის დასაწყისში, დამტკიცდა ჩემთან შეთანხმებით. უფრო მეტიც, ამ გეგმის ფარგლებში განხორციელდა სამხრეთ ოსეთის აჯანყებულთა წვრთნაც. მართალია, ჩვენი სამხედრო ექსპერტები, გულახდილად რომ ვთქვა, მიიჩნევდნენ, რომ ეს უსარგებლო იყო, იმის გათვალისწინებით, რომ აჯანყებულები დამარცხდებოდნენ ნებისმიერი სახელმწიფოს რეგულარულ არმიასთან - თუნდაც ისეთ პატარა სახელმწიფოსთან, როგორიც საქართველოა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი ძალიან გაბედულად იცავდა სამშობლოს. სამივე დღე, სანამ რუსული არმია მიუახლოვდათ, ფაქტობრივად, მათ და ჩვენმა სამშვიდობოებმა შეაკავეს ქართული ფორმირებების ზეწოლა. ასე რომ, მათ თავიანთი როლი ითამაშეს... ამ გეგმის ფარგლებში მობილიზებული იყო ტექნიკაც - ეს საიდუმლო არ არის, ამაზე უკვე ვისაუბრეთ".

საქართველოში შეჭრის გეგმის ომამდე ბევრად ადრე არსებობის ფაქტი საჯაროდ აქვს დადასტურებული იური ბალუევსკისაც, რომელიც 2008 წლის 3 ივნისამდე რუსული გენშტაბის უფროსი იყო, ხოლო შემდეგ - უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. უკვე ომის შემდეგ, 2012 წლის რუსულ დოკუმენტურ ფილმში "დაკარგული დღე" ბალუევსკიმ თქვა, რომ საქართველოში სამხედრო ოპერაციის ჩატარების გეგმის რეალიზების დაწყება პუტინმა ჯერ კიდევ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ინაუგურაციამდე (2008 წლის მაისი) გადაწყვიტა - და სამხედრო შენაერთების მეთაურებს წინასწარ გაეგზავნათ კონკრეტული ბრძანებები.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ომის საქმეზე სახელმწიფოთაშორისი დავა რუსეთსა და საქართველოს შორის საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. 2008 წლის აგვისტოს ომზე გამოძიება დასრულდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოშიც (ICC), სადაც ქართული მხარის პასუხისმგებლობა არ გამოვლენილა.

ამავე თემაზე: გაერო–ში რუსი დიპლომატი საქართველოს „აგრესორად“ გამოცხადებისას „ქართულ ოცნებას“ ციტირებდა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S