15-08-2024 13:04:56 კონფლიქტები ,პოლიტიკა
გაეროს უშიშროების საბჭოში საქართველოს შესახებ დისკუსიის შემდეგ ბრიფინგზე განვითარებული მოვლენები პროცესზე დამკვირვებელთა ნაწილისთვის ფაქტობრივად, დემონსტრირებაა იმისა, რასაც უქადის საქართველოს სახელმწიფოს „ქართული ოცნების“ პოლიტიკა – მტრად იკიდებს პარტნიორებს, შესაბამისად, ტოვებს მარტოს აგრესორის პირისპირ.
საქმე ამჯერად იმაშია, რომ ბრიფინგზე ტრიბუნასთან მარტოდ მდგარი რუსი დიპლომატი – გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე დიმიტრი პოლიანსკი – როდესაც რუსული პოლიტიკის ტრადიციის გაგრძელებით, საქართველოს აცხადებდა 2008 წლის ომის კონტექსტში აგრესორად, არგუმენტის სახით „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას ციტირებდა, სადაც „გარე ძალებზეცაა“ საუბარი. სწორედ ეს ორი გზავნილი აქტიურად აიტაცა რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ.
„ყოველ წელს გვაკვირვებს, ჩვენი დასავლელი კოლეგების სურვილი, განვიხილოთ 2008 წლის აგვისტოს სააკაშვილის აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. ჩემს მიერ აღმოჩენილი ფაქტებიდან და საქართველოს ხელისუფლების განცხადებებიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი უფრო და უფრო ემსგავსება მაზოხისტურ პრაქტიკას. მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. თქვენის ნებართვით, მოვიყვან ციტატას საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებიდან – „საზოგადოების დიდი ნაწილი სამართლიანად აყენებს ეჭვქვეშ სააკაშვილის ადეკვატურობას. მაგრამ ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მხოლოდ მისი ფსიქიკური არასტაბილურობის, არამედ გარედან მიღებული ინსტრუქციებისა და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო. ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად მნიშვნელოვანია, ორგანიზებული იყოს საჯარო სასამართლო ჩვენი საზოგადოებისთვის, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა ეს მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ“,– თქვა რუსმა დიპლომატმა და მესმენელებს მოუწოდა: უბრალოდ შეეცადეთ, გაიხსენოთ ეს სიტყვები, როდესაც ჩემი დასავლელი კოლეგები მოგვიანებით ამ ტრიბუნასთან მოვლენ და მოგატყუებენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა“.
მისი გამოსვლის შემდეგ ტრიბუნა დაიკავეს მალტის, დანიის, საფრანგეთის, საბერძნეთის, სლოვენიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ–ის წარმომადგენლებმა და გააჟღერეს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია, რომელიც მოიცავდა მთელ რიგ უმწვავეს საკითხებს, რაც ახლავს თან რუსულ ოკუპაციას:
„2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრამ გამოავლინა რუსეთის პოლიტიკის უფრო აგრესიული ტენდენცია თავისი მეზობლებისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მიმართ. როგორც ხედავთ, უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით, რუსეთის ფედერაციამ ეს გზა გააგრძელა. ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტ უხეშ დარღვევას; ვგმობთ რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში; ვგმობთ რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს საქართველოს ტერიტორიაზე; მის ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში წვრთნების გაგრძელებას, ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს და უფრო ფართოდ – შავი ზღვის უსაფრთხოებას; ვგმობთ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გააქტიურებას, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავება–გატაცებას, ეთნიკური ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისთვის მიზანმიმართულად ზიანის მიყენებას; ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების: დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურის და ვიტალი კარბაიას მკვლელობებს; ვგმობთ ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილს აფხაზეთში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე. დამნაშავეები ამ დრომდე დაუსჯელები არიან!“.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებით გვაუწყა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა; ყურადღებას ამახვილებს უცხოელი დიპლომატების მოწოდებებზე, თუმცა დუმს რუსი დიპლომატის მიერ "ქართული ოცნების" ციტირებაზე.
საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომის მე–16 წელს და ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის თავზე, წინასაარჩენო პერიოდში, "ქართული ოცნება", რომელსაც დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების ჩიხში მოქცევისა და რუსეთთან "ფლირტის" გამო აკრიტიკებენ, 2008 წლის ომის გამოძიებაზე ალაპარაკდა ენმ–ის პასუხისმგებლობის კონტექსტში. „ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მიერ 7 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ გამოძიებამ „გარედან მიღებული დავალების ავტორებიც" უნდა დაადგინოს.
„ადამიანებმა 2008 წელსაც გააზრებულად მოაწყვეს უმძიმესი პროვოკაცია და გარედან მიღებული ანტისახელმწიფოებრივი დავალება სრულიად გააზრებულად შეასრულეს. ვისგან მოდიოდა ეს დაკვეთა და ვის დავალებებს ასრულებდნენ მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, - აქ ამ საკითხზე შეგნებულად არ შევჩერდებით, რადგან ყველაფერს სწორედ საჯარო სამართლებრივი პროცესი გაარკვევს“, - წერია პოლიტსაბჭოს განცხადების ტექსტში.
რუსეთის ფედერაცია დიდი ხანია, ცდილობს იმ სიცრუის ტირაჟირებას, თითქოს როგორც საქართველოსთან 2008 წლის, ისე ამჟამად უკრაინასთან მიმდინარე ომში დამნაშავე არა კრემლის იმპერიალისტური ზრახვების რელიზატორები, არამედ დასავლეთია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აგვისტოს ომის მე-16 წლისთავზეც გაიმეორა, რომ „საქართველოს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის დანაშაულებრივი ავანტიურის საპასუხოდ რუსეთს სხვა არაფერი რჩებოდა, გარდა აგრესორისთვის მშვიდობის იძულებისა“ და იქვე დაამატა, რომ "დასავლეთი დღემდე საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უსაფრთხო და ღირსეულ არსებობას“.
არადა, ის ფაქტი, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომისთვის მზადება საქართველოში სრულმასშტაბიან შემოჭრამდე ბევრად ადრე - 2006-2007 წ.წ. დაიწყო, 2012 წელს სომხეთში ვიზიტისას თავად პრეზიდენტ პუტინს საჯაროდ აქვს დადასტურებული:
"იყო გეგმა და ჩემი აზრით, ეს საიდუმლო არ არის. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში მოქმედებდა რუსული მხარე. ამაზე ადრე საჯაროდ უკვე ვისაუბრე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. გეგმა გენერალურმა შტაბმა მოამზადა სადღაც 2006 წლის ბოლოს ან 2007 წლის დასაწყისში, დამტკიცდა ჩემთან შეთანხმებით. უფრო მეტიც, ამ გეგმის ფარგლებში განხორციელდა სამხრეთ ოსეთის აჯანყებულთა წვრთნაც. მართალია, ჩვენი სამხედრო ექსპერტები, გულახდილად რომ ვთქვა, მიიჩნევდნენ, რომ ეს უსარგებლო იყო, იმის გათვალისწინებით, რომ აჯანყებულები დამარცხდებოდნენ ნებისმიერი სახელმწიფოს რეგულარულ არმიასთან - თუნდაც ისეთ პატარა სახელმწიფოსთან, როგორიც საქართველოა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი ძალიან გაბედულად იცავდა სამშობლოს. სამივე დღე, სანამ რუსული არმია მიუახლოვდათ, ფაქტობრივად, მათ და ჩვენმა სამშვიდობოებმა შეაკავეს ქართული ფორმირებების ზეწოლა. ასე რომ, მათ თავიანთი როლი ითამაშეს... ამ გეგმის ფარგლებში მობილიზებული იყო ტექნიკაც - ეს საიდუმლო არ არის, ამაზე უკვე ვისაუბრეთ".
საქართველოში შეჭრის გეგმის ომამდე ბევრად ადრე არსებობის ფაქტი საჯაროდ აქვს დადასტურებული იური ბალუევსკისაც, რომელიც 2008 წლის 3 ივნისამდე რუსული გენშტაბის უფროსი იყო, ხოლო შემდეგ - უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. უკვე ომის შემდეგ, 2012 წლის რუსულ დოკუმენტურ ფილმში "დაკარგული დღე" ბალუევსკიმ თქვა, რომ საქართველოში სამხედრო ოპერაციის ჩატარების გეგმის რეალიზების დაწყება პუტინმა ჯერ კიდევ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ინაუგურაციამდე (2008 წლის მაისი) გადაწყვიტა - და სამხედრო შენაერთების მეთაურებს წინასწარ გაეგზავნათ კონკრეტული ბრძანებები.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ომის საქმეზე სახელმწიფოთაშორისი დავა რუსეთსა და საქართველოს შორის საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. 2008 წლის აგვისტოს ომზე გამოძიება დასრულდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოშიც (ICC), სადაც ქართული მხარის პასუხისმგებლობა არ გამოვლენილა.