ბრიტანელ მოგზაურს კერძო სექტორმა საჩუქარი გაუკეთა, თუმცა დაზარალებული გამოძიებას ელის
27/01/2020 13:11:29 სამართალი
„ასეთია ქართული სტუმართმასპინძლობა“, - წერს Facebook-ის პირად გვერდზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და იმ ბრიტანელ მოგზაურთან ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ თბილისში ველოსიპედი მოპარეს. საქმე ეხება საქართველოში ჩამოსულ ბრიტანელ მოგზაურს როუან კემპბელს, რომელიც სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში ველოსიპედით მოგზაურობს. მას თბილისში ველოსიპედი მოპარეს, რაზეც მოგზაურმა სოციალურ ქსელში შემდგი პოსტი გამოაქვეყნა: „11 ქვეყანა და 7500 კმ ველოსიპედით გამოვიარე და მოგზაურობის გაგრძელება მინდა, თუმცა თუ ჩემს ველოსიპედს ვერ ვიპოვი, ჩემი მოგზაურობა დასრულდება“.

„ჩვენს ბრიტანელ სტუმარს - როვან ქემფბელს, ბევრი საჩუქარი გაუკეთეს ჩვენმა მოქალაქეებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. ველოსიპედი - Bikes.ge; ორი ღამე სასტუმროში "Best Western Gudauri” და ტრადიციული ქართული ვახშამი; 2 ღამე ჰოსტელში “Fabrika”, - წერს მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველების ერთი ჯგუფის ინიციატივით მოგზაურისთვის ახალი ველოსიპედი გამოიძებნა, როუან კემპბელი საჩუქრის მიღებამდე რამდენიმე დღე გამოძიების შედეგებს დაელოდება.
ქალაქის ცენტრში ველოსიპედის ქურდობას შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. თუკი მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში პოლიცია ვერ იპოვის მოპარულ ველოსიპედს, მოგზაურს ახალს გადასცემენ.
„შთამბეჭდავი შემოთავაზებაა! ველოსიპედს თუ დაკარგავ, როგორც ჩანს, ამისთვის საუკეთესო ადგილი საქართველოა“, - ამბობს იგი „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას.


