Accentnews.ge
იურისტი  – პროკურატურას მაჩალიკაშვილის საქმეზე: „ძვირი დაგიჯდებათ ეს სიბრმავე“

იურისტი  – პროკურატურას მაჩალიკაშვილის საქმეზე: „ძვირი დაგიჯდებათ ეს სიბრმავე“

28/01/2020 11:07:03 სამართალი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი თამთა მიქელაძე პროკურატურის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ეხმიანება:

„საქართველოს პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო!

საქართველოს პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება ასევე შეწყვიტა, მისი გარდაცვალების გამო. თუმცა, საჯარო განცხადებაში მიუთითა, რომ შეიქმნა მტკიცებულებითი სტანდარტი ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევის შესახებ. ეს ისე, რომ თემირლანს ბრალდებულის სტატუსიც კი არ მისცეს, თავიც კი არ დააცვევინეს და საბოლოოდ ოჯახის წევრებს მტკიცებულებებიც კი არ აჩვენეს.

ორივე საქმეზე თანადროულად და სრულიად მოულოდნელად მიიღო უფროსის გარეშე დარჩენილმა პროკურატარამ გადაწყვეტილება. ეს მაშინ, როცა ჩვენ გამოძიების წინაშე ახალი განცხადებების და ინიციატივების დაყენების რეჟიმში ვიყავით და ახალ საგამოძიებო მოქმედებებს ვთხოვდით პროკურატურას.

ეს შედეგი მოსალოდნელი იყო ამ ხელისუფლების მხრიდან, ცხადია!თუმცა, ევროსასამართლოში საქმის განხილვის პირობებში გამოძიების გაჭიანურების სტრატეგია უფრო "ლოგიკური" მიგვაჩნდა და საინტერესოა ამ რისკზე წასვლის პოლიტიკური რაციონალობა რა არის. სავარაუდოდ ხელის გადაწევის და ძალის დემონსტირების პოლიტიკური სტრატეგია, რომელსაც ბოლო თვეებია ხელისუფლება იყენებს.

სრული არ აღიარება და დეჰუმანიზება ოჯახის ამ ხელისუფლების სტრატეგია და პოლიტიკური ნარატივი იმთავითვე იყო და ამაში დარჩნენ. დარჩით! მოვა დრო და ძალიან ძვირი დაგიჯდებათ ეს სიბრმავე, უპასუხისმგებლობა და უსამართლობა ამ და სხვა საქმეებზე!

გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა თავად თემირლანის მამისთვის.

მალხაზ მაჩალიკაშვილის შეფასებით, გამოძიება რეალურად არ წარმოებდა, მიმდინარე პროცესი კი მხოლოდ ფორმალობა იყო და საწყისი ეტაპიდანვე სახელმწფიო და თავად ორი მოცემულობის წინაშე იდგნენ: სახელმწიფოს უნდა გაემართლებინა „ჩადენილი დანაშაული“, ხოლო თავად უნდა ებრძოლა, რომ ამ „დანაშაულისთვის ფარდა აეხადა“.

„არ მქონდა მოლოდინი, რომ რაიმე ახალს იტყოდნენ. კი, დღეს შეწყდა გამოძიება, მაგრამ ახალი რა ითქვა? ეს ყველაფერი აფსურდია“,– ამბობს მაჩალიკაშვილი.

ცნობისთვის: დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.

"სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო",– ასეთია პროკურატურის დასკვნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S