„ჩვენი საზოგადოებისთვის უხერხულ საკითხად რჩება სექსუალური უმცირესობების მიერ მათი უფლებების საჯაროდ დაცვა"
28/01/2020 13:17:15 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში საზოგადოებას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს LGBT თემის საჯარო გამოსვლების (პრაიდის) მიმართ და ისევ უხერხულ საკითხად რჩება მათ მიერ უფლებების ღიად დაცვა. ამის შესახებ პრეზიდენტმა 28 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ LGBT თემის მიმართ საზოგადოების უარყოფითი განწყობა გარკვეულწილად რელიგიურ ტრადიციებს ეფუძნება, მაგრამ ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს და სამართალდამცველები წარმატებით უმკლავდებიან საზოგადოებიდან მომდინარე ფიზიკურ ძალადობასაც.
„ჩვენი საზოგადოებისთვის უხერხულ საკითხად რჩება სექსუალური უმცირესობების მიერ მათი უფლებების საჯაროდ დაცვა. ლგბტ საზოგადოების მიერ საჯარო გამოსვლების (მაგალითად - პრაიდის) მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება ეფუძნება როგორც რელიგიურ ტრადიციებს, ისე საბჭოთა პურიტანიზმის კვალს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ დაცულ იქნას ეს უფლებები და გამოხატვის თავისუფლება, თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტი სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შორის. სამართალდამცველები სულ უფრო უკეთესად უმკლავდებიან ამ სიტუაციების მართვას. ისინი ეფექტიანად ფიზიკურადაც იცავენ უმცირესობებს. ცხადია, ჩვენი მიზანია, რომ აღარ გვქონდეს უმცირესობების ფიზიკურად დაცვის საჭიროება", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე პრეზიდენტი ზურაბიშვილი სიტყვით წარსდგა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურის რანგში.
ევროსაბჭოში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი 28 იანვარს დაიწყო. ის უკვე შეხვდა უმაღლესი თანამდებობის პირებს, მათ შორის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს.
პრეზიდენტის სიტყვა PACE-ში სრულად იხილეთ https://accentnews.ge


