თალაკვაძე ამბობს, რომ ეკლესიასთან "ოცნების" წინადადებაზე "წინასწარი შეთანხმება შედგა"
02/09/2024 07:55:31 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ეკლესიასთან ჰქონდათ შეთავაზება, რომ კონსტიტუციაში გაჩნდეს "კიდევ უფრო მყარი გარანტიები ეკლესიის დაცვისთვის" და წინასწარი შეთანხმება შედგა. თემა მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო პერიოდში გაააქტიურა.
"ეკლესიასთან გულწრფელი შეთავაზება გვქონდა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდეს დაცვის კიდევ უფრო მყარი გარანტიები, უფრო მაღალი სტატუსი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის. უკვე წინასწარი შეთანხმება შედგა. მოხარული ვართ, რომ პოზიტიური დისკუსია წარიმართა ხელისუფლებასა და საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მზად ვართ, საკონსტიტუციო უმრავლესობა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეს საკონსტიტუციო ჩანაწერი აისახოს საქართველოს კონსტიტუციაში. სამომავლოდ, ეს იქნება ჩვენი ეკლესიის დაცვის კიდევ უფრო ძლიერი გარანტია. იმედი გვაქვს, შეტევებს და თავდასხმებს ეს ჩანაწერი თავისთავად დააზღვევს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება.
ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა "ქართული ოცნების“ წინადადება "წინასაარჩევნო შემოთავაზებად" შეაფასა.


