გერმანელი დეპუტატი: საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე, დრო, რატომღაც ვერ გამონახეს
06/09/2024 11:26:35 პოლიტიკა
გერმანული დელეგაციის წევრებმა დაადასტურეს, რომ სურდათ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრა საქართველოში ვიზიტისას, თუმცა უარი მიიღეს.
„ჩვენ გვქონდა სამდღიანი მოლაპარაკებები საქართველოში. ის იყო დატვირთული შეხვედრებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ოპოზიციურ პარტიებთან, ადამიანებთან, რომლებიც წარმოადგენენ ქართულ საზოგადოებას. ჩვენ არ გვქონდა ხელისუფლებასთან შეხვედრის შესაძლებლობა, რადგან მათ უარი თქვეს ჩვენს მიღებაზე. ეს იყო ჩვენთვის რაღაც ახალი, რომ არ გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს, ვართ რა მაღალი თანამდებობის პირების დელეგაცია. თქვენ იცით, რომ ჩვენ პარლამენტარები ვართ და გერმანიაში პარლამენტარებს აქვთ ძლიერი გავლენა. შესაბამისად, ეს ჩვენთვის მართაც რაღაც ახალი იყო, რომ შესაძლებელი არ გახდა - ჯერ მოთხოვნილი იყო უმაღლესი დონის შეხვედრა, შემდეგ მეორე დონეზე, მესამე დონეზე და არავის ჰქონდა დრო ჩვენთვის”, - თქვა დელეგაციის წევრმა ულრიხ ლეხტემ (Ulrich Lechte, თავისუფალი დემოკრატიული პარტია/FDP).
მისი თქმით, ყველას ესმის, "რა დგას საფრთხის ქვეშ ახლა - ეს არის ბრძოლა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის და ნამდვილად ღრმად ვწუხვარ, განცხადებების გამო, როგორიც არის: „ჩვენ ვაპირებთ ოპოზიციის განადგურებას არჩევნების შემდეგ, როდესაც ჩვენ მოვიპოვებთ უდიდეს უმრავლესობას“. ყველაფერი ეს კარგი არ არის სტაბილური დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის და იმისთვის, რასაც ქართველი ხალხი უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ესწრაფოდა".
"ჩვენ ყველა დავაკვირდებით 26 ოქტომბრის არჩევნებს და ვიმედოვნებ, რომ ამ არჩევნების შემდეგ, ჩვენ ვნახავთ სრულად ფუნქციურ დემოკრატიას საქართველოში. ეს ჩემი იმედიც და სურვილიც არის ყველა თქვენგანის მიმართ".
მმართველი გუნდიდან მათ მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნოკოლოზ სამხარაძე შეხვდა. სამხარაძემ მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარის მოუცლელობა წინასაარჩევნო პერიოდში რეგიონში ვიზიტით ახსნა.
დელეგაციის წევრებმა ჯერ პრესკონფერენციაზე შეაჯამეს შეხვედრები, შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.


