"საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკით ევროკავშირში გაწევრიანების გზა არ არსებობს" - გერმანული დელეგაციის ძირითადი გზავნილები

06-09-2024 14:43:39 პოლიტიკა

საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციის წევრებმა თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს. მანამდე ოთხი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა შეხვედრები ოპოზიციის წევრებს, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ნილს შმიდმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობის მიმდინარე პოლიტიკის პირობებში არ არსებობს ვარიანტი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.

"ძალიან შეშფოთებული ვართ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით და ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ ძალიან მკაფიო გზავნილები გავაგზავნოთ",- თქვა დეპუტატმა და რამდენიმე გზავნილი გააჟღერა:

მისი თქმით, პირველი გზავნილია, რომ ელოდებიან "ოქტომბრის ბოლოს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი":

  • „ეს არის მნიშვნელოვანი არჩევნები დემოკრატიის მომავლისა და საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რომელი გზით წავიდეს და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში, პატივს ვცემთ ამ არჩევნების კენჭისყრის შედეგებს. ჩვენ ვიცით, რომ ქართველები აფასებენ დემოკრატიას და მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ მიიღონ მონაწილეობა ამ არჩევნებში. ასევე იცით, რომ მიმდინარეობს არიან საერთაშორისო დამკვირვებლების მისიების მომზადება და ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით იმას, თუ როგორ ჩატარდება ეს არჩევნები“.
  • „მეორე გზავნილი ეხება ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკას - საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკით ევროკავშირში გაწევრიანების გზა არ არსებობს. ეს ძალიან ცხადია, ამის შესახებ ცხადად განაცხადა ევროკავშირმაც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებით და შემიძლია გითხრათ, რომ ოთხი პოლიტიკური პარტია, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, შეადგენს ბუნდესტაგის უმრავლესობას და შემიძლია გითხრათ, რომ ამჟამინდელი პოლიტიკით საქართველო გერმანიის ბუნდესტაგიდან ვერ მიიღებს მოლაპარაკებების გახსნის პროცესის დაწყებაზე თანხმობას“.

მან ხაზი გაუსვა დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მნიშვნელობას:

  • „ყველამ ვიცით, რომ არსებობს 9 ნაბიჯი, რომელიც უნდა შესრულდეს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურად გასახსნელად. შემიძლია გითხრათ, რომ ახლა არის მე-10 ნაბიჯიც, რომელიც გულისხმობს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის გაწვევას, რადგან ის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში არ არის. ასე რომ, უნდა შესრულდეს 9 ნაბიჯი და ასევე მე-10 ნაბიჯი, სანამ გადავალთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურ დაწყებამდე. ჩვენ ეს ნათლად განვაცხადეთ ყველასთან, ვისაც შევხვდით, რადგან გვინდა იცოდეთ, გვინდა ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ ეს არის ძალიან მკაფიო კრიტერიუმი, რომელიც უნდა შესრულდეს”.

განახლება

მოგვიანებით გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერებმა: დებორა დიურინგმა (Deborah Düring, კავშირი 90/მწვანეები), იურგენ ჰარდტმა (Jürgen Hardt, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი/CDU), ულრიხ ლეხტემ, (Ulrich Lechte, თავისუფალი დემოკრატიული პარტია/FDP) და ნილს შმიდმა (Nils Schmid, სოციალ-დემოკრატიული პარტია/SPD) ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც საქართველოში 4-6 სექტემბერს გამართული ვიზიტი შეაჯამეს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ "საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ბლოკავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ - თუ ეს კურსი გაგრძელდა, გერმანიის ბუნდესტაგი ვერ დაუჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას".

განცხადებაში ნათქვამია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი მომენტია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის და „საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით დააკვირდება საარჩევნო პროცესს“.

„საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში ევროკავშირში გაწევრიანება სახელმწიფო მიზნადაც კი არის ჩაწერილი. ბოლო დროინდელი ავტორიტარული ტენდენციები და არადემოკრატიული ღონისძიებები ძირს უთხრის ამ დემოკრატიულ ნებას. ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ბლოკავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. თუ ეს კურსი გაგრძელდა, გერმანიის ბუნდესტაგი ვერ დაუჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას.

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ერთგულება დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისადმი სამაგალითოა რეგიონში. არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა აუცილებელია დემოკრატიული პროცესისთვის. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გვერდით.

საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, როგორიცაა ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას. ძლიერი, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტია დემოკრატიული განვითარებისთვის. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ზღუდავს უმცირესობების უფლებებს, პრესის თავისუფლებას და პოლიტიკურ ოპოზიციას.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი მომენტია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ყველა დემოკრატიის საფუძველია. საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით დააკვირდება საარჩევნო პროცესს. ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევას და მოვუწოდებთ ყველას არაძალადობრივი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისკენ.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლები, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს მოსახლეობის გვერდით, რომელთა უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის გაძლიერება არა მხოლოდ გადამწყვეტია საქართველოს მომავლისთვის, არამედ მკაფიო სიგნალს გაუგზავნის საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა თავისუფალი საზოგადოების დასაყრდენს წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები