უსუფაშვილი – ვოლსკის: „ეს არის სამარცხვინო განცხადება“
29/01/2020 19:11:26 პოლიტიკა, სამართალი
ეს არის სამარცხვინო განცხადება,– ასე აფასებს „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ვიცე–სპიკერ გია ვოლსკის განცხადებას, რომ „მალხაზ მაჩალიკაშვილი არა თუ პარლამენტში, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებში და ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა იქნეს ამ პერიოდში დაშვებული, სანამ სასამართლო არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რამდენი, რა დოზით არის ამ ადამიანის კავშირი იმ ფაქტებთან, რასაც ჰქვია ტერორისტული ჯგუფის გადმოსვლა საქართველოში“.
„ეს ხელისუფლების სტლად იქცაა: მათ ბევრი ადამიანი ისე უშლით ნერვებს, პარლამენტში კი არა, ქვეყანაში არ შემოგვიშვებენ და საშუალება რომ მიეცეთ, ქვეყნის გარეთ გადაგვდგამდნენ, ოღონდ აღარ მოისმინონ კითხვები. თავადაც იციან, რომ მაჩალიკაშვილის საქმე არის „დამოკლეს მახვილი“ იმ ადამიანების თავზე, ვინც მფარველობს რაღაცეებს. ისევე, როგორც გირგვლიანის საქმეზე იცოდა ყველამ ყველაფერი. მე არ ვადარებ ერთმანეთს საქმეებს, მე ვამბობ იმას, რომ რაც არ უნდა კითხვა გქონდეს მაჩალიკაშვილებთან მიმართებაში – გარდაცვლილ შვილთან, თუ მამასთან, რომელსაც სიცოცხლე აღარ უნდა, ეს ერთია, ხოლო კონსტიტუცია იმისთვის არსებობს, რომ ტერორისზმი უნდა აღიკვეთოს და თუ ამ პროცესში ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, მაშინ ეს მეორე საქმეა“,– განაცხადა უსუფაშვილმა.
ამასთან, მან გაიხსენა მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე:
„ეს ის მაჩალიკაშვილია, რომელიც ტერორისტად გამოგვიცხადეს, ვიღაცეების აფეთქებას აპირებდაო და შემდეგ ყველა დაიკარგა. იქეთ ვეკითხები ვოლსკის და ყველას, რომ გამოგვიცხადეთ, ვიღაცეების აფეთქებას აპირებდაო, მას შემდეგ რა ზომები მიიღეთ? მათ [ხელისუფლებამ] იციან, რამდენად მძიმეა ეს საქმე და ამიტომ უკავიათ ხისტი პოზიცია“,– ამბობს უსუფაშვილი და დასძენს, რომ თავად მხარს უჭერს საგარემოძიებო კომისიის შექმნას.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ის ტერორისტული აქტის ორგანიზებით, რამდენიმე პირის მკვლელობას გეგმავდა.
ამის დასადასტურებლად სუსმა აუდიოჩანაწერიც გამოაქვეყნა, სადაც მათი მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ძმისშვილი, ტერორისტული აქტის გეგმას განიხილავენ. ამ განცხადებიდან 24 საათის შემდეგ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს.
მიუხედავად, სუსის ღია განცხადებისა, რომ მათ აღკვეთეს „უმძიმესი დანაშაული“, არც მალხაზ მაჩალიკაშვილსა და არც მის ძმისშვილს, ბრალი ამ ეპიზოდზე ოფიციალურად არ წარსდგენიათ.
ამ საკითხზე კითხვა სუს–ის ყოფილ უფროსს და იმჟამად შს მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურს კითხვა პარლამენტში 2019 წლის სექტემბერში დაუსვეს, რაზეც მან შემდეგი პასუხი გასცა: „2013 წლიდან ტერორიზმის მუხლით დაკავებულია 21 პიროვნება. თქვენ ალბათ, გულისხმობთ მაჩალიკაშვილის თემას და სასაფლაოზე რა ჩანაწერიც გავიდა. ღია ეთერში ამაზე ვერ ვისაუბრებ და ბოდიშს მოგიხდით. არ არის აუცილებელი ადამიანი დააკავო, მთავარია დანაშაული აღკვეთო. გეგმავდნენ თემას და რომ გასაჯაროვდა, თემა გაჩერდა. აქედან გამომდინარე, აღარ მოხდა ამ ადამიანის დაკავება. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც დაიჭირო და ყველა ციხეში ჩასვა“.
რაც შეეხება ვოლსკის განცხადებას, გაუგებარია, რომელ სასამართლო პროცესს გულისხმობს ვიცე–სპიკერი, ვინაიდან უშუალოდ მალხაზ მაჩალიაკშვილთან დაკავშირებით სამართალწარმოების მიმდინარეობა ოფიციალურად არაა ცნობილი, ხოლო მის ვაჟს – თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელიც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გარდაიცვალა და რომელი საქმის გამოძიებასაც მაჩალიკაშვილები ითხოვენ, პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა. გამოძიება შეწყდა ორივე ეპიზოდზე: თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე ტერორისტულ ჯგუფთან და სპეცრაზმელის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრაზე.
მაჩალიკაშვილები დავას სტრასბურგში აგრძელებენ, თუმცა ასევე ითხოვენ საპარლამენტო საგამოძიები კომისიის შექმნას.


