ინციდენტი სასამართლოში: გვარამიას უცნობი პირები დაუპირისპირდნენ
30/01/2020 08:36:02 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ინციდენტი მოხდა: ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას უცნობი პირები დაუპირისპირდნენ.
სიტუაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურმა განმუხტა. რის შემდეგაც პოლიციამ სამი პირი სასამართლოს ტერიტორიას გაარიდა. როგორც შსს–ში აცხადებენ, ინციდენტთან დაკავშირებით სამი პირი გამოკითხვაზეა გადაყვანილი.
„ვიღაცამ გვერდიდან დამარტყა, ვინ იყო, არ დამინახავს და გარეთ ალბათ, დაინახეს“,– უთხრა ჟურნალისტებს გვარამიამ.
როგორც გვარამია განმარტავს, მას ხელი სახის არეში მოხვდა:
„მოვდიოდი ჩემ გზაზე და უცებ, რომ ვერ დაინახავდი, ისე გვერდიდან დამარტყა“.
ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. დღესვე გადაისინჯება გიორგი რურუას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა.
როგორც პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ვასილ სამხარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი რურუას პატიმრობაში დატოვებას მოითხოვენ. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ისინი გიორგი რურუას გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ.
თავად რურუა აცხადებს, რომ საპროცესო შეთანხმება არასდროს გაფორმდება, ვინაიდან არანაირი დანაშაული არაა ჩადენილი.
სასამართლო პროცესის პარალელურად, რურუას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, რურუას დაკავება არის სიგნალი, რომ ყველა, ვინც „ქართული ოცნების" წინააღმდეგ მიდის, დაიჭერენ. ისინი მიიჩნევენ, რომ რურუა პოლიტპატიმარია.


