ახალი კორონავირუსის შემთხვევა ინდოეთშიც დაფიქსირდა
30/01/2020 09:45:41 მსოფლიო
ინდოეთში ახალი კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი კალერას შტატიდანაა, რომელიც სასწავლებლად უხანის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
დაინფიცირებული პირი საავადმყოფოში, იზოლაციაში იმყოფება.
სადღეისოდ კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით 20 ქვეყანაშია აღმოჩენილი. ეს ქვეყნებია:
ჩინეთი (ჰონგ-კონგისა და მაკაოს ადმინისტრაციული ერთეულების ჩათვლით) 7 728 შემთხვევა, ავსტრალია-7, კამბოჯა - 1, კანადა -2, ფინეთი-1, საფრანგეთი -5, გერმანია -4, იაპონია- 11, მალაიზია - 7, ნეპალი - 1, სინგაპური -10, სამხრეთ კორეა - 4, შრი ლანკა -1, ტაილანდი -14, ფილიპინები -1, ინდოეთი -1, ტაივანი - 8, არაბთა გაერთიანებული საამიროები - 4, აშშ -5, ვიეტნამი -2.
ამ დოისთვის უხანის კორონავირუსით გარდაცვლილია 170 ადამიანი. ჩინეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება 1500-მდე დაინფიცირებული ადამიანი.
ცნობისთვის: საქართველომ პრევენციის მიზნით გარკვეული ზომები მიიღო: ჩინეთთან ავიამიმოსვლა მარტის ბოლომდე შეწყვიტა; აეროპორტებში და სახმელეთო სასაზღვრო პუნქტებში მიმდინარეობს სკრინინგი, მთავრობამ სამოქმედო გგემა დაამტკიცა. როგორც დღეს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, უპასუხოს გამოწვევას.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უშუალოდ საქართველოში ინფიცირების არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებული არაა და არც პანიკის საფუძველი არსებობს, თუმცა „ქვეყანაში არის სერიოზული მზადება“.


