„მიუხედავად ჩინეთის მთავრობის ღონისძიებებისა, დაავადების ექსპორტი ხდება"
30/01/2020 09:10:16 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად ღონისძიებებისა, რასაც ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ ჩინეთი ატარებს, სხვა ქვეყნებში დაავადების ექსპორტი ხდება. გამყრელიძე მიუთითებს, რომ ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა 11 ქვეყანაში, ჯამში კი ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით ლაბორატორიულად დადასტურებული 7 711 ფაქტია, მათგან 98% ჩინეთზე მოდის.
გამყრელიძის თქმით, საქართველო ეყრდნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის, ევროპის და ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრების მონაცემებს, თუმცა ვინაიდან ყველაზე სწრაფად მონაცემებს ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ანახლებს, მან პრესკონფერენციაზე სწორედ ეს მონაცემები განასაჯაროა.
"ერთი დღის განმავლობაში შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა 1 737-ით. გარდაცვლილია 170 ადამიანი. 31 დეკემბრიდან დღემდე დაავადების ექსპორტი მოხდა 11 ქვეყანაში. შემთხვევების სწრაფი ზრდა ფიქსირდება. მიუხედავად იმ ღონისძიებებისა, რასაც ჩინეთის მთავრობა ატარებს, ექსპორტი ხდება. 98 % შემთხვევების ჩინეთში ფიქსირდება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უშუალოდ საქართველოში ინფიცირების არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებული არაა და არც პანიკის საფუძველი არსებობს, თუმცა „ქვეყანაში არის სერიოზული მზადება“.
მისივე თქმით, გავრცელედა ინფორმაცია ბავშვთან და ჩინეთის ორ მოქალაქესთან დაკავშირებით, თუმცა ვირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.
ცნობისთვის: საქართველომ პრევენციის მიზნით გარკვეული ზომები მიიღო: ჩინეთთან ავიამიმოსვლა მარტის ბოლომდე შეწყვიტა; აეროპორტებში და სახმელეთო სასაზღვრო პუნქტებში მიმდინარეობს სკრინინგი, მთავრობამ სამოქმედო გგემა დაამტკიცა. როგორც დღეს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, უპასუხოს გამოწვევას.


