გახარია – იზორიას ძმასთან დაკავშირებულ კადრებზე: „რაც ვნახე, უბრალოდ ამაზრზენია“
30/01/2020 11:12:34 სამართალი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ კიჭა იზორიასთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებზე ასახული მოვლენები ამაზრზენია. საუბარია საგარეო დაზვერვის ყოფილ უფროს და გერმანიაში საქართველოს მომავალ ელჩს ლევან იზორიას ძმაზე.
გახარიამ თავად ფაქტი დაგმო, თუმცა რაიმე სახის პასუხისმგებლობაზე, სამართლებრივი შეფასების აუცილებლობაზე და ზოგადად, რაიმე სახის ზომების მიღების საჭიროებაზე მას არ უსაუბრია.
„მე რაც ამ კადრებში ვნახე, ეს უბრალოდ ამაზრზენია. მას არ აქვს არანაირი გამართლება. იზორიას კი არა, ჩემი ძმა რომ იყოს, უარესი შეფასება მექნებოდა, რადგან ადამიანები, რომლებიც ატარებენ ფორმას და ყოველდღიურად საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეებისა და ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე...კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ეს არის უკიდურესად მიუღებელი და ამაზრზენი, რაც მე ამ კადრებზე ვნახე“,– განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებულ კადრებში შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და თავად ლევან იზორიამ დანაშაულის ნიშნები და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საფუძვლები ვერ დაინახეს.


