დასანქცირებული "ოცნება" აშშ-ის გადაწყვეტილებას "წინასაარჩევნო ჩარევის" შესახებ კრემლის რიტორიკით პასუხობს
16/09/2024 16:28:48 პოლიტიკა
მმართველი გუნდის წარმომადგენლები აშშ-ის მიერ შემოღებულ ახალ სასანქციო პაკეტსაც კრემლის რიტორიკით ეხმიანებიან და "საქართველოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად" აფასებენ.
ახალი სანქციების შესახებ ცნობამ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს პარტიული სხდომის დაწყებამდე მიუსწროთ. შეხვედრაზე შესვლამდე კომენტარები მხოლოდ ორმა "მეოცნებემ" - ნინო წილოსანმა და ალუდა ღუდუშაურმა გააკეთეს.
"ამ ქვეყანაში ისტორიულად, იმდენ ადამიანს იმდენი თავდადება გაუკეთებია, რომ ჩვენი დასანქცირება ამასთან შედარებით არაფერია. ამ სანქციების გამცხადებელმაც კი არ იცის (ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის არც ოფიციალურად, არც არაოფიციალურად მოუყოლია), რისთვის ასანქცირებენ ამ ადამიანებს. გულწრფელად მინდა, ვთქვა, რომ ეს უხეში ჩარევაა სხვა სახელმიფოს (თუ ისინი საქართველოს ნამდვილად სახელმწიფოდ აღიქვამენ) შიდა საქმეებში. მით უფრო, რომ დასანქცირებულთა მიმართ არანაირი არც სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდება, არც რაიმე დადასტურებული ბრალი არსებობს. შესაბამისად, ამ ადამიანების გამოცხადება და ასევე 60 ადამიანის ინკოგნიტოდ დასანქცირებაზე საუბარი ნათელია, რომ ემსახურება ერთადერთს - წინასაარჩევნოდ აშკარა ჩარევას" - განაცხადა "ოცნების" დეპუტატმა ნინო წილოსანმა.
ალუდა ღუდუშაურმა კი ჟურნალისტებისგან გაქცევა სცადა, წამოწეულებს კი მოკლედ უპასუხა, რომ "გაუგებარია, რატომ უნდა დასანქცირდეს", რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ" კანონი, რომლის მხარდამჭერთა შორის თავადაცაა, "არა რუსული, არამედ ქართულია" და რომ "სანერვიულო არაფერი აქვს".


