ბლინკენი: საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ დამატებით ზომებს ვიღებთ

16-09-2024 19:55:51 პოლიტიკა

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი ახალი სანქციების შესახებ იუწყება და აცხადებს, რომ დამატებითი ზომების განხილვას აგრძელებენ. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშული.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლების ორ ოფიციალურ პირს - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილს და მის ერთ-ერთ მოადგილეს მილერი ლაგაზაურს სანქციები დაუწესა „უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების დროს ძალადობრივი რეაგირებისას ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში მონაწილეობისთვის. ასევე, ჩვენ სანქციებს ვუწესებთ ექსტრემისტული ჯგუფის ორ ქართველ ლიდერს კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის, მათ შორის ქართველებზე, რომლებიც მშვიდობიანი შეკრების უფლებას იყენებდნენ, ძალადობრივი თავდასხმებისთვის.

ამასთან, საქარველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესების მიზნით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ზომებს იღებს. ამ პირებს შორის არიან სამთავრობო და მუნიციპალური ოფიციალური პირები, რომლებმაც ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, კორუფციაში ჩართული ბიზნესმენები, პირები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს, სამართალდამცვეელები, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების ცემაში და პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის ხელშეწყობასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.

ჩვენ კვლავ შეშფოთებულები ვართ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით და საპასუხო დამატებითი ზომების განხილვას გავაგრძელებთ. აშშ მხარს უჭერს ქართველების შეკრების, გამოხატვისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას ძალადობის, დაშინებისა დ ჩახშობის შიშის გარეშე", – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.

ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავდა ე.წ. აგენტების კანონის ინიცირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას.

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების და საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, უარი ეთქვა „აგენტების კანონზე", „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი 14 მაისს მაინც მიიღო.

საქართველოს დასავლელი პარტნიორები - შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, პარლამენტს მოუწოდებდნენ, არ მიეღო ეს კანონი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „აგენტების კანონს“, მმართველი გუნდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, „რუსული კანონი“ უწოდა, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსული მიმართულების გატარებაში დაადანაშაულა.

"აგენტების კანონის" მიღების გამო 23 მაისს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს და ხელისუფლებას სავიზო შეზღუდვებს დაუწესებს. მოგვიანებით, 6 ივნისს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში "აგენტების კანონის" მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს. ის შეეხება „ქართული ოცნების” და პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საუბარია 20–დან 30–მდე ადამიანზე. მათი სახელები და გვარები ჯერ არ დაკონკრეტებულა.

4 ივლისს აშშ– საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის ფარგლებში აშშ–მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო.

9 ივლისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ბლოკმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.

31 ივლისს აშშ–მა საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება შეუჩერა.

1 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ აშშ–ის შემდეგ საქართველოს მთავრობას ფინანსური დახმარება შესაძლოა, ევროკავშირმაც შეუჩეროს.

10 ივლისს საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობას გადახედავს.

15 ივლისს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს "აგენტების კანონის" გაუქმების მოთხოვნით ცალ-ცალკე სარჩელებით მიმართეს ქართულმა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა, პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და ჟურნალისტებმა – გელა მთივლიშვილმა და ნინო ზურიაშვილმა. 29 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ რიგით მე–5 სარჩელი შევიდა.

31 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ე.წ. აგენტების კანონის საქმეზე განმწესრიგებელი სხდომა განხილვის დაწყებიდან მესამე დღეს დაასრულა და სათათბიროდ გავიდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დაიწყება თუ არა „აგენტების კანონისა“ და მისი კონკრეტული მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის საქმის არსებითი განხილვა. გარდა ამისა, მოსარჩელეები მოითხოვენ კანონის და მისი კონკრეტული მუხლების შეჩერებას, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილება სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები