კობახიძე: "როგორ შეიძლება, რაიმე ფაქტის კონსტატაციამ შეუქმნას პრობლემა არაღიარების პოლიტიკას?!"
17/09/2024 11:48:41 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც ომის დაწყებაში ქვეყნის წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს, ამტკიცებს, რომ ფაქტის კონსტატაცია არაღიარების კუთხით პრობლემას არ შექმნის.
"რაც შეეხება არაღიარების პოლიტიკას. არაღიარების პოლიტიკას პრობლემა ვერ შეუქმნა იმ ფაქტმა, რომ თვითონ დანაშაულის ჩამდენმა რეჟიმმა თავად აღიარა საკუთარი დანაშაული. როგორ შეიძლება ფაქტის კონსტატაციამ რაიმე პრობლემა შექმნას ამ კუთხით. ოთხ სახელმწიფოს ჰქონდა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში აღიარებული ე.წ დამოუკიდებლობა და ეს ოთხი დარჩა ოთხად სწორედ ჩვენი პოლიტიკის გამო. როგორ შეიძლება, რაიმე ფაქტის კონსტატაციამ შეუქმნას პრობლემა არაღიარების პოლიტიკას, როდესაც თვითონ დანაშაულის ჩამდენ ხელისუფლებას ხელი აქვს მოწერილი იმაზე, რომ თავად დაიწყეს ომი 2008 წლის 7 აგვისტო", – განაცხადა პრემიერმა.
ამავე თემაზე: "ოცნების" ბრალდების "ბეწვის ხიდი": კითხვის ნიშნის ქვეშ დასვამს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ტერიტორიული მთლიანობის საკითხში!
საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის სამხედრო აგრესიის შესახებ „ქართული ოცნების“ პოზიციონირება, რაც სიამოვნებით აიტაცა რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ, არა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით არის დამაზიანებელი ქვეყნისთვის (როგორც ეს ვიხილეთ გაეროში, როდესაც რუსი მოხელე მაღალი ტრიბუნიდან საქართველოს „აგრესორად“ გამოცხადებისას „ქართულ ოცნებას“ ციტირებდა საერთაშორისო მედიის წინაშე), არამედ სამართლებრივი მიმართულებითაც და ეხება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტსაც კი – სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
- „საერთაშორისო სამართალი ამგვარადაა მოწყობილი, რომ ქვეყანა რომელიც იწყებს ომს, ეს საერთაშორისო სამართლის ყველაზე მძიმე დარღვევაა! ვინც არღვევს საერთაშორისო სამართალს, მას ამისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება! თეორიულად რომ დავუშვათ და გავყვეთ ამ ჰიპოთეტურ პროცესს, ეს იქნება უაღრესად დამაზიანებელი – კითხვის ნიშნის ქვეშ დასვამს, კონკრეტული პირის პასუხისმგებლობას კი არა, არც მეტი და არც ნაკლები – სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ტერიტორიული მთლიანობის საკითხში: ქვეყანა, რომელიც თავს ესხმის ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს, საერთაშორისო სამართალში წარმოშობს საფუძვლებს, რომ დაიწყოს პროცესი ამ ხალხის გადარჩენის – ანუ მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის.ხომ ვამაყობთ, რომ საქართველომ რუსეთს მოუგო რამდენიმე ნაწილში: საერთაშორისო სასამართლოებში, არაღიარების პოლიტიკაში – რუსეთმა ვერ შეძლო, ეს შეუქცევად პროცესად ექცია. ამ მიღწევას შეიძლება, ზიანი მიადგეს მსგავსი განცხადებებითაც კი“, – ამბობს „აქცენტთან“ იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი 2008-2016 წლებში ლევან მესხორაძე.


