"ოცნების" ბრალდების "ბეწვის ხიდი": კითხვის ნიშნის ქვეშ დასვამს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ტერიტორიული მთლიანობის საკითხში!

16-08-2024 17:05:42 ინტერვიუ

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის სამხედრო აგრესიის შესახებ „ქართული ოცნების“ პოზიციონირება, რაც სიამოვნებით აიტაცა რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ, არა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით არის დამაზიანებელი ქვეყნისთვის (როგორც ეს ვიხილეთ გაეროში, როდესაც რუსი მოხელე მაღალი ტრიბუნიდან საქართველოს „აგრესორად“ გამოცხადებისას „ქართულ ოცნებას“ ციტირებდა საერთაშორისო მედიის წინაშე), არამედ სამართლებრივი მიმართულებითაც და ეხება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტსაც კი – სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც არავინ კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს ჩვენს სიმართლეს ჩვენს გარდა“,– ამბობს „აქცენტთან“ იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი 2008-2016 წლებში ლევან მესხორაძე.

მართალია, ის დარწმუნებულია, რომ სახელისუფლებო გუნდის მიერ 2008 წლის ომის მე–16 წლისთავსა და ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის თავზე დაანონსებული პროცესი „გამოძიების“ თაობაზე, „ბოლომდე ვერასდროს მივა“, რადგან „ვერ დადგინდება ის, რაც არასდროს არ მომხდარა, მით უმეტეს, რომ უკვე იმსჯელა ყველამ, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოებმა და ყველაფერი გაანალიზებული და დადგენილია“, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებშიც (იგივე სტრასბურგში იგზავნებოდა დოკუმენტები, სადაც ქვეყნის პოზიცია იყო ცალსახა – „არსებობს მტკიცებულებები, რომ საქართველო გახდა აგრესიის მსხვერპლი, ხალხი დაიხოცა, ეს ჩაიდინა რუსეთმა“ – და იგივე მტკიცებულებებზე დაყრდნობით თქვეს საერთაშორისო ინსტანციებმა), თუმცა მესხორაძე გამოდის შეხსენებით, ეს უაღრესად სახიფათო პროცესია:

„საერთაშორისო სამართალი ამგვარადაა მოწყობილი, რომ ქვეყანა რომელიც იწყებს ომს, ეს საერთაშორისო სამართლის ყველაზე მძიმე დარღვევაა! ვინც არღვევს საერთაშორისო სამართალს, მას ამისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება!“.

„თეორიულად რომ დავუშვათ და გავყვეთ ამ ჰიპოთეტურ პროცესს, ეს იქნება უაღრესად დამაზიანებელი – კითხვის ნიშნის ქვეშ დასვამს, კონკრეტული პირის პასუხისმგებლობას კი არა, არც მეტი და არც ნაკლები – სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ტერიტორიული მთლიანობის საკითხში: ქვეყანა, რომელიც თავს ესხმის ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს, საერთაშორისო სამართალში წარმოშობს საფუძვლებს, რომ დაიწყოს პროცესი ამ ხალხის გადარჩენის – ანუ მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის“.

მაგალითისთვის, მივდივართ, მათ შორის, კოსოვოს პრეცედენტამდეც.

„ასეთ საკითხებზე დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი და ხალხის კეთილდღეობა. ეს არ არის მაგალითად, პოლიციის რეფორმა, რომელსაც შეიძლება არ ეთანხმებოდე, მოჰყვეს მძიმე შედეგებიც და შეაფერხოს დემოკრატიული პროცესები. ცხადია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ქვეყნისთვის შეიძლება სასიცოცხლო საკითხი იყოს – ეხება ყველაფერს“,– ხაზს უსვამს მესხორაძე.

ეხება პირველ რიგში, არაღიარების პოლიტიკას:

„ხომ ვამაყობთ, რომ საქართველომ რუსეთს მოუგო რამდენიმე ნაწილში: საერთაშორისო სასამართლოებში, არაღიარების პოლიტიკაში – რუსეთმა ვერ შეძლო, ეს შეუქცევად პროცესად ექცია. ამ მიღწევას შეიძლება, ზიანი მიადგეს მსგავსი განცხადებებითაც კი“.

რაც შეეხება პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ შემოთავაზებულ ვერსიას, რომ ომის დაწყებაში პრეზიდენტის დადანაშაულება ქვეყნის დადანაშაულებას "არავითარ შემთხვევაში" არ ნიშნავს, რადგან ის მოქმედებდა როგორც „აგენტი“, „არ გამოხატავდა ქვეყნის ინტერესს“ და „ჩაიდინა ღალატი“ – სპეციალისტი გვახსენებს, რომ საერთაშორისო სამართალი ცალკეულ პერსონებსა თუ პარტიებს „ვერ ხედავს“:

„პრემიერ–მინისტრი როდესაც ლაპარაკობს, ეს არა პერსონალური, არამედ სახელმწიფოს პოზიციაა – შეერაცხება სახელმწიფოს. მით უმეტეს, როდესაც საუბარია პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საჯარისო ფორმირებების გამოყენებასა და სახელმწიფოთაშორის [კონფლიქტში] მონაწილეობაზე, რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოა – არანაირ სახელს და გვარს მნიშვნელობა არ აქვს. არც მემკვიდრეობას აქვს მნიშვნელობა: 20 წლის მომხდარი ფაქტი რომ დადგინდეს თანამედროვეობაში, რომელიც სახელმწიფოს შეერაცხება, მემკვიდრეობით ეს საკითხი მოქმედ ხელისუფლებაზე გადავა – საერთაშორისო სამართალს არ აინტერესებს, პარტიები და პერსონები, მას აინტერესებს სახელმწიფო“.

ამრიგად, მესხორაძე აჯამებს, რომ სახელმწიფოს მოქმედება ყველა ხელისუფლების მემკვიდრეობაა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები