Accentnews.ge
პროკურორმა მკვლელობების შეკვეთასთან ვატო ყიფიანის სავარაუდო კავშირზე ისაუბრა

პროკურორმა მკვლელობების შეკვეთასთან ვატო ყიფიანის სავარაუდო კავშირზე ისაუბრა

31/01/2020 09:16:26 სამართალი

ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში დაკავებულ ექვსივე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. პროცესის შემდეგ პროკურორმა ჟურნალისტებს საქმესთან კრიმინალურ ავტორიტეტ ვატო ყიფიანის შესაძლო კავშირზე მიანიშნა. კერძოდ, როგორც პროკურორმა გიორგი კავსაძემ განაცხადა, ძმებ ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეზე ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ვატო ყიფიანის შეკვეთით არის დამზადებული.

მისი თქმით, აღნიშნული გარემოება საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით და სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, თუმცა არ დაუზუსტებია, მიიღო თუ არა პროკურატურამ ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის გადაწყვეტილება.

პროკურორი ამბობს, რომ მტკიცებულებათა შესაბამისი სტანდარტის შეკვრის შემთხვევაში, „ყველას მიმართ“ დაიწყება სამართლებრივი დევნა, ხოლო უშუალოდ გამოძიება მიმდინარეობს როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში.

"ერთ-ერთი შემკვეთი – უკრაინის მოქალაქე უკრაინაშია დაკავებული. ვატო ყიფიანს რაც შეეხება, შემიძლია, გითხრათ, რომ საქმის მასალებით, ასაფეთებელი მოწყობილობა, რომელიც ჩვენ მიერ გამოძიების პროცესში იქნა ამოღებული, სწორედ მისი შეკვეთით არის დამზადებული ... თუ რა მოტივი ჰქონდათ ძმებ ფეიქრიშვილიების მკვლელობის მომზადების საქმეში შემკვეთებს, ან შემსრულებლებს, გამოძიება გრძელდება და როცა მტკიცებულებების შესაბამისი სტანდარტი შეიკვრება ყველას მიმართ, როგორც უკრაინაში მყოფების, ასევე საქართველოში მყოფების მიმართაც დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა“, - განაცხადა პროკურორმა.

ერთ-ერთი ბრალდებულის, როლანდ ბერიძის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი რომელიც ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი წევრია, ვატო ყიფიანის ახლო მეგობარია, თუმცა ამ საქმეზე გამოძიების ფარგლებში, მათი კომუნიკაცია რაიმე დანაშაულის შემცველი არ ყოფილა. როლანდ ბერიძეს ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენას ედავებიან, რომლითაც ბრალდების მტკიცებით, ძმები ფეიქრიშვილების აფეთქება იგეგმებოდა.

„ის იცნობს საქმის ფიგურანტებს. ეს საქმე იყოფა ორ ნაწილად. განზრახ მკვლელობის ნაწილად და ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება-შეძენის ნაწილად. მოხდა ამ საქმის თემატური გაერთიანება, შემდგომში შესაძლებელია სხვა მიმართულება მიეცეს. როლანდ ბერიძეს დანაშაულის განზრახვა არ ჰქონია. ის არ უარყოფს ვატო ყიფიანთან ნაცნობობას, თუმცა ამ დანაშაულთან შემხებლობაზე მას არაფერი არ უთქვამს. ისინი ახლო მეგობრები არიან, მაგრამ ამ საქმეზე მათი კომუნიკაცია არ არის დანაშაულებრივი ინფორმაციის შემცველი“, – განაცხადა ადვოკატმა შოთა მანელიძემ.

კრიმინალურ ავტორიტეტ ვატო ყიფიანთან ნაცნობობას გამორიცხავს კიდევ ერთი ბრალდებულის და მკვლელობის დაგეგმვის ბრალდებით დაკავებული ბექა ცინცაძის ადვოკატი.

ცნობისთვის: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, თბილისში დაგეგმილი, აფეთქებით ორი პირის შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს. დაკავებულია საქართველოს 6 და უკრაინის 1 მოქალაქე. საქართველოში დაკავებულები არიან ნუგზარ ბეჟანიძე, გოჩა თადუმაძე, გიორგი ბიბილაური, ბექა ცინცაძე, როლანდ ბერიძე და იური მჟავანაძე. 2-ს სახელმწიფო ბრალდება განზრახ მკვლელობის მომზადებას, დანარჩენ 4 პირს კი ფეთქებადი და ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადება და გასაღებას ედავება.

თავად ძმები ფეიქრიშვილები აცხადებენ, რომ დაკავებულებს არ იცნობდნენ.

მედია წერდა ვატო ყიფიანის შესაძლო კავშირზე შეკვეთილ მკვლელობებთან: მოტივად 2016 წელს, ვაკეში მომხდარი მკვლელობა სახელდება. საუბარია ბადუკა ნათობაძეზე, რომელმაც საკუთარ მანქანაში სოსო ჯოხაძე ჩაცხრილა. მედია წერს, რომ სწორედ სოსო ჯოხაძის საახლობლო წრიდან არის ვატო ყიფიანი. რაც შეეხება ბადუკა ნათობაძეს, მისი უახლოესი გარემოცვიდან არიან ტყუპი გიორგი და დავით ფეიქრიშვილები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S