Accentnews.ge
კობახიძე – ამერიკულ სანქციებზე: "თუ ამას დაემატება კიდევ ერთი ნაბიჯი, მოგვიწევს პრინციპულად მსჯელობა გარკვეული პოზიციების გადახედვასთან დაკავშირებით"

კობახიძე – ამერიკულ სანქციებზე: "თუ ამას დაემატება კიდევ ერთი ნაბიჯი, მოგვიწევს პრინციპულად მსჯელობა გარკვეული პოზიციების გადახედვასთან დაკავშირებით"

18/09/2024 14:31:28 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით, აშშ–ის მხრიდან სანქციების მორიგ ჯერზე დაწესება "ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დანგრევისკენ მიმართული" ნაბიჯია.

მისი თქმით, გუშინ შეერთებული შტატების ელჩ რობინ დანიგანთან გამართულ შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ "თუ ამას დაემატება კიდევ ერთი ნაბიჯი, მოუწევს პრინციპულად მსჯელობა გარკვეული პოზიციების გადახედვასთან დაკავშირებით".

„ასეთი ნაბიჯები, ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას. თქვენ გახსოვთ, რომ ოთხი წლის განმავლობაში იყო სირთულეები ამ ურთიერთობებში. ძირითადად, წინა ელჩის საქმიანობა განაპირობებდა ამ სირთულეებს. ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა, რასაც სჭირდება ჯანსაღი, სამართლიანი მიდგომა. თუმცა სანქციები, ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, მით უმეტეს, როდესაც სანქციები უწესდებათ მაღალი რანგის პოლიციელებს, ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ აგვისტოს ომში. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს უკიდურესი შეურაცხყოფა. ეს პრინციპულად მიუღებელია ჩვენთვის. მე შეშფოთება გამოვხატე ამერიკის ელჩის მიმართ და უფრო მეტიც, მკაფიოდ დავაფიქსირე ერთი რამ - თუ ამას დაემატება კიდევ ერთი ნაბიჯი, ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს პრინციპულად მსჯელობა გარკვეული პოზიციების გადახედვასთან დაკავშირებით. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია არაპარტნიორული დამოკიდებულება ისეთი სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ეწოდება არა მარტო პარტნიორი, არამედ სტრატეგიული პარტნიორი. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, იმოქმედონ რაციონალურად, სამართლიანად, ეს წაადგება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. რაც შეეხება იმ ნაბიჯს, რომელიც გადაიდგა გუშინწინ, ეს ნაბიჯი არის მიმართული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სწორედ რომ დანგრევისკენ, ვის შეიძლება, აწყობდეს ეს, თავად შეგიძლიათ, იმსჯელოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მას არ დაუზუსტებია, რა იგულისხმა პოზიციების გადახედვაში და აღნიშნა, რომ იმედი აქვს, "მიღებული გადაწყვეტილება იქნება ბოლო ურთიერთობების დანგრევის მიმართულებით":

"იმედი მაქვს, რომ გუშინწინდელი გადაწყვეტილება იქნება ბოლო ურთიერთობების დანგრევის მიმართულებით. იმედი მაქვს, ასეთი გადაწყვეტილებები მომავალში აღარ იქნება მიღებული. ეს იმედი გამოვთქვი ქალბატონ ელჩთან შეხვედრაზეც. მინდა, პირადად ქალბატონ ელჩს გადავუხადო მადლობა მისი კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, მისი კონსტრუქციული დამოკიდებულება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მიღებული იქნას მთლიანობაში ჯანსაღი გადაწყვეტილებები, რაც ძალიან სამწუხაროა“.

ცნობისთვის: 16 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა სანქციები დაუწესა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, „ალტ-ინფოს“ ლიდერებს – კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ "საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ დამატებით ზომებს იღებენ".

17 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის სანქცირება „არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო“ და „ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება, იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა“.

მისივე თქმით, არ სჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო:

„მე მგონია, რომ გადაწყვეტილება მიიღეს გარკვეულმა ძალებმა, რომლებსაც აქვთ არაფორმალური გავლენები მის ადმინისტრაციაზე, ანუ ბაიდენის მიღებული არ იქნება ეს გადაწყვეტილება. მე ასე მგონია, საზოგადოებაც დარწმუნებულია ამაში“.

მოგვიანებით, იმავე დღეს ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე „აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S