"მისი მთავარი არგუმენტი, ბატონი ცუცქირიძის ინტერვიუ იყო" - ხაზარაძე გახარიასთან ჩაშლილ მოლაპარაკებაზე
19/09/2024 19:30:42 პოლიტიკა
დღის ბოლოს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე კიდევ გამოეხმაურა პარტიასთან "საქართველოსთვის" უშედეგო სამდღიანი კონსულტაციების შემდეგ არშემდგარი ალიანსის საკითხს. ის პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებს და იმეორებს, რომ მზადაა, ხელი მოაწეროს "თავდაპირველ შეთანხმებას".
ხაზარაძე მოვლენათა ქრონოლოგიას შემდეგნაირად აღწერს:
"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის კვალდაკვალ ორშაბათს გავაკეთე განცხადება, რომ მე და გიორგი გახარიას პირისპირ დაგვეწყო მოლაპარაკებები იმის მისაღწევად, რომ საქართველომ შეძლოს, დაამარცხოს “ქართული ოცნება” და მიაღწიოს ევროპულ მომავალს. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მე გვერდზე გადავდე წარსული რთული ურთიერთობა გიორგი გახარიასთან. ამ მოლაპარაკებებს მოვეკიდე სრული სერიოზულობით იმიტომ, რომ მქონდა და მაქვს ერთადერთი მიზანი - საქართველოს უკეთესი, ევროპული მომავალი!გუშინ, პრზიდენტთან შევთანხმდით კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ და გახარიას პარტიას თანასწორ პირობებში აყენებდა". გეგმის მიხედვით
- ჩვენ გავერთიანდებოდით ნომერი 9-ის ქვეშ და დავდებდით პირობას, რომ არასდროს შევუწყობდით ხელს „ქართული ოცნების” მთავრობის შექმნას, დავასრულებდით ანაკლიის პორტის პროექტს დასავლური ინვესტიციებით, რაც შექმნიდა ათასობით სამუშაო ადგილს.
- ამ ახალი გაერთიანების მართვა ასევე მოხდებოდა სრული პარიტეტით.
მე ეს შეთანხმება განვიხილე კოალიციის პარტნიორებთან, მათ კი სრულად დამიჭირეს მხარი. ჩემი მზაობა ხელმოწერასთან დაკავშირებით გუშინვე დავაფიქსირე მედიასთან".
ის იმეორებს, რომ მზად იყო პრეზიდენტის რეზიდენციაში ხელი მოეწერა ამ შეთანხმებაზე:
"15:00 საათზე გახარიამ დამირეკა და მითხრა, რომ ის ჩვენს შეთანხმებაზე უარს ამბობდა. მან მაშინვე გაავრცელა განცხადება სოციალურ ქსელში ამის თაობაზე. საღამოს კი პრეზიდენტის წინ უარი განაცხადა გუშინ შეთანხმებულ პირობებზე. მისი მთავარი არგუმენტი, ბატონი ცუცქირიძის მიერ ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემული ინტერვიუ იყო, რაც ამ მოლაპარეკებებში არასერიოზულად გამოიყურება".
ის გამოთქვამს წუხილს, რომ მათი "განხილვები დასრულდა".
"მე ახლაც მზად ვარ, ხელი მოვაწერო თავდაპირველ შეთანხმებას. გახარიას კი ამ შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს, თავად აუხსნას ამ პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა ამ ნაბიჯის გადადგმაზე.მე და ჩემი პარტნიორები, „ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლები, გავაგრძელებთ ჩვენი ახალგაზრდა, სუფთა წარსულის ლიდერების გუნდით მუშაობას. ჩვენი მიზანი უცვლელია: ევროკავშირის წევრობა,ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ თანამოაზრე ლიდერებსა და პარტიებთან ერთად დავასრულებთ „ქართული ოცნების” 12-წლიან უძრავ, მოღალატეობრივ მმართველობას".
რა თქვა ცუცქირიძემ, იხილეთ აქ
ინფორმაციისთვის: პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ, პოლიტიკოსებს შორის მოლაპარაკებები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეთანხმების შესახებ მათ არ განუცხადებიათ, თუმცა ლიდერების კომენტარებიდან პოზიტიური დინამიკის არსებობა იგრძნობოდა. 19 სექტემბერს მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ძირითად საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ერთ საათში პარტიამ "საქართველოსთვის" განცხადება გამოაქვეყნა, რომ შეთანხმება ვერ შედგა. "ძლიერ საქართველოში" ამ განცხადებას "სიურპრიზი" უწოდეს და თქვეს, რომ მზად იყვნენ პრეზიდენტის ძალისხმევით წინასწარ მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმოსაწერად. თავის მხრივ, გახარიას პარტიაში ხელს კოალიციისკენ იშვერენ, ამბობენ, რომ პარიტეტზე ხაზარაძეს პარტნიორებთან უნდა მიეღწია შეთანხმება და რომ მან ეს ვერ შეძლო.
"ძალიან ძნელია პოლიტიკოსისთვის იმის გაცნობიერება და საზოგადოების რისხვის მოთმენა, რომელიც შენ გატყდება იმიტომ, რომ შენი მიზეზით ასეთი მნიშვნელოვანი შეთანხმება ვერ შედგა იმიტომ, რომ შიგნით რაღაც კონსენსუსს ვერ მიაღწიე იმ პოლიტიკურ აქტორებს შორის, რომლებიც შემოიერთე. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტური მოთმინებით, ყველაფრის დათმობით, მაგიდის მეორე მხარეს მჯდომი პოლიტიკური აქტორი გელოდებოდა, რომ მიგეტანა გადაწყვეტილება... და რომ მკითხეთ რა საკითხი იყო, ერთ-ერთი საკითხი იყო პარიტეტის საკითხი, ანუ ჩვენ, პრაქტიკულად, პარტია დავთმეთ მთლიანად, ნომერი დავთმეთ, ყველაფერი დავთმეთ და, ბუნებრივია, აბსოლუტურად სამართლიანად, რომ ასე ხდება პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ეს პარიტეტის პრინციპის დაცვა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა. ეს მან [მამუკა ხაზარაძემ] ვერ მოიტანა",- თქვა გახარიას თანაგუნდელმა ნათია მეზვრიშვილმა.
"პარიტეტზე შევთანხმდით 50/50-ზე - თანასწორ პოლიტიკურ საწყისებზე შევთანხმდით",- ამბობს ამასთან დაკავშირებით "ძლიერი საქართველოს" წევრი ირაკლი კუპრაძე.
დღის ბოლოს გახარიას თანაგუნდელმა ბერდია სიჭინავამ თქვა, რომ მოლაპარაკებები დასრულდა და რომ შეთანხმება ვერ შედგა.


