პაატა დავითაია „ევროპელი დემოკრატების“ პლატფორმას სთავაზობს გახარიას და ხაზარაძეს
20/09/2024 14:53:05 პოლიტიკა
პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია ამბობს, რომ მზადაა, კვალიფიციური სუბიექტის „ევროპელი დემოკრატების“ პლატფორმა, როგორც ნეიტრალური, შესთავაზობს დიალოგში მონაწილე მხარეებს. საუბარია ორი საარჩევნო სუბიექტზე - "ძლიერ საქართველოსა" და "გახარია - საქართველოსთვის"-ზე.
მოტივაციად ის ასახელებს მდგომარეობას, რომელიც შეიქმნა "ორი პოლიტიკური გუნდის გაერთიანების შეთანხმებასთან დაკავშირებით, ასევე ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის მოლოდინს ოპოზიციური ძალების გაერთიანების აუცილებლობის შესახებ, რასაც ადასტურებს ყველა კვლევა".
მისი თქმით, „ევროპელი დემოკრატები“ ფლობს ყველა ტექნიკურ რესურსს, უზრუნველყოს პოლიტიკური გუნდების ერთ ძლიერ, პოლიტიკურ ძალად გაერთიანების შესაძლებლობა. მზაობა, დაგვეთმო ჩვენი პარტიული ინტერესები და მიგვეცა შესაძლებლობა გაერთიანების მსურველი ყველა პოლიტიკური ძალისთვის, გამოვხატეთ პირველებმა, ჯერ კიდევ ივლისში, რაც შემდგომ მრავალგზის იყო გაჟღერებული ჩვენი პარტიის მიერ. ჩვენთვის მისაღებია პოლიტიკური პარტიის - „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის მიერ გახმაურებული პრინციპები. თუ მხარეების მიერ გაცხადებული პირობები არ არის წინასაარჩევნო სპეკულაციები, პოლიტიკური სვლები, პარტიის ლიდერების ამბიციების დაკმაყოფილების საშუალება და მათი რეალური მიზანი არსებული ხელისუფლების შეცვლაა, მოვუწოდებთ მხარეებს, გაერთიანდნენ ნეიტრალურ პლატფორმაზე „ევროპელი დემოკრატები“ - #6. მხოლოდ მსხვილი პოლიტიკური გაერთიანება შეცვლის არჩევნების შედეგს, რაც არის ამომრჩევლის უდიდესი ნაწილის მოლოდინი - ნათქვამია „ევროპელი დემოკრატების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხაზარაძისა და გახარიას პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა. მას შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ შეთანხმება ვერ შედგა.
დღეს გახარიამ განაცხადა, რომ მზადაა, სამი პირობიოთ განაახლოს დიალოგი ხაზარაძესთან. თავის მხრივ, ხაზარაძემ მოლაპარაკებების "აყირავებაში" გახარიას დასდო ბრალი, მის პირობებს კი "შეუძლებელი" და "სპეცოპერაცია" უწოდა.


