იუსტიციის მინისტრი მიიჩნევს, რომ ქართველ ხალხს "ომსა და მშვიდობას შორის განსხვავების" დასანახად "ქართული ოცნების" ბანერები სჭირდება
26/09/2024 17:14:23 პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიიჩნევს, რომ ქართველ ხალხს "ომსა და მშვიდობას შორის განსხვავების" დასანახად "ქართული ოცნების" ბანერები სჭირდება.
- "რაც შეეხება საარჩევნო ბანერის შინაარს, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენი, მათ შორის ახლო და მეგობარი სახელმწიფო არის გახვეული ცეცხლის ალში და საქართველო დიდი რისკების წინაშე დგას, როდესაც ათასობით უდანაშაულო ადამიანი იღუპება, ჩვენ ვალდებული ვართ ქართველი ხალხის ინტერესები გავითვალისწინოთ და საქართველოს მოსახლეობა გავიყვანოთ სამშვიდობოს ისე, რომ ერთ ადამიანსაც კი არ ჩამოუვარდეს 1 თმის ღერიც კი. ჩვენ ვაჩვენებთ საქართველოს მოსახლეობას, თუ რა განსხვავებაა ომსა და მშვიდობას შორის", – განაცხადა, "ინტერპრესნიუსის" ცნობით, მინისტრმა.
ცნობისთვის: თბილისში გამოჩნდა პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერები წარწერით: "არა ომს, აირჩიე მშვიდობა". ზოგ ბანერზე მარცხენა მხარეს გამოსახულია უკრაინის დონეცკის ოლქის სოფელ ბოგოროდიჩნეში დაბომბვის შედეგად განადგურებული ტაძარი, მარჯვნივ კი თბილისის სამების ტაძარი. ბანერების მარცხენა მხარეს შავ-თეთრი ფოტოებია, მარჯვენა მხარეს კი - ფერადი.
კიდევ ერთი პლაკატზე მარცხნივ გამოსახულია განადგურებული მარიუპოლის თეატრი, მარჯვნივ - სენაკის თეატრი, რომელიც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული "ქართუ ფონდის" მიერაა რეაბილიტირებული.
ბანერების მარცხენა მხარეს, სადაც ომის დროს დანგრეული უკრაინული შენობებია გამოსახული, გადახაზულია შემდეგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ნომრები:
4 - „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“
5 - „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“
9 - „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“
25 - „გახარია საქართველოსთვის“.
"ასეთი შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს, “ღირსებით” ჯოჯოხეთისკენ!", – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ ბანერებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ ყაველაშვილი ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" ახალი - სკანდალური წინასაარჩევნო ბარიერი ეფუძნება კარგად ცნობილ პროპაგანდისტულ ნარატივს "რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობების" თაობაზე, რომელსაც მმართველი ძალა პოლიტიკური ოპონენტებისა და ქვეყნის დასალელი პარტნიორების დისკრედიტაციისთვის იყენებს.
"ბანერებზე აქვთ პრეტენზია? ბანერებს შეხედეთ: ეს არის არსებული რეალობა, „ფოტოშოპით“ შექმნილი კი არაა!", – აცხადებს ყაველაშვილი.


