
ყაველაშვილი „ოცნების“ ახალ ბანერებზე: "ეს არის არსებული რეალობა, „ფოტოშოპით“ შექმნილი კი არაა!"
26/09/2024 11:21:51 პოლიტიკა
მმართველი გუნდის სატელიტი "ხალხის ძალა" ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" ახალი - სკანდალური წინასაარჩევნო ბანერი ეფუძნება კარგად ცნობილ პროპაგანდისტულ ნარატივს "რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობების" თაობაზე, რომელსაც მმართველი ძალა პოლიტიკური ოპონენტებისა და ქვეყნის დასალელი პარტნიორების დისკრედიტაციისთვის იყენებს. ეს დღეს ფაქტობრივად, ღიად დაადასტურა "ხალხის ძალის" წარმომადგენელმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელიც ახალ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით, მათ შორის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკულ შეფასებებს ჟურნალისტებთან საუბრისას გაოეხმაურა.
"ბანერებზე აქვთ პრეტენზია? ბანერებს შეხედეთ: ეს არის არსებული რეალობა, „ფოტოშოპით“ შექმნილი კი არაა! საქართველოს ხელისუფლებას რომ რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა, უკრაინაში მოხალისეები და იარაღი გაეგზავნა, დღეს აქ იგივე რეალობა გვექნებოდა, რაც უკრაინაშია! ნახეთ, რა დღეშია უკრაინა: ამდენი დევნილი, ამდენი მსხვერპლი, ამდენი განადგურებული ქალაქი, სოფელი... ეს ბანერები ამას გულისხმობს. ქვეყანა, რომელიც ამ ომის ქარცეცხლშია გახვეული, წარმოიდგინე, იმის შურს საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოქალაქეებს ეუბნება, რომ "ჩვენ ჩამოვრჩებით უკრაინას" - აი, ასეთი სამარცხვინო გზავნილი აქვს!. საქართველოს მოქალაქეებმა ხომ თავის თავზე განიცადეს, ჩვენს ზურგზე გავიარეთ.. [უკრაინაში - რედ.] ომის დაწყების დღიდან აქ რომ მიტინგები იყო, რას მოგვიწოდებდნენ? - შევერთებოდით სანქციებს, გაგვეშვა მოხალისეები, გაგვეგზავნა იარაღი, ანუ, პირდაპირი მოწოდება იყო ომში ჩართვის" - განაცხადა ყაველაშვილმა.
ჟურნალისტებმა ამ კონტექსტში რუსეთის არხსენებაზე მიუთითეს, რაზეც ასეთი პასუხი მიიღეს:
"რა თქმა უნდა, მეორე მხარეს რუსეთია, მაგას გეუბნებით! თქვენი პატრონები რომ მომიწოდებენ მე, ომში ჩავერთო რუსეთთან, ამაზე მაქვს საუბარი. ჩვენ რომ ეს განგვეხორციელებინა, იგივე რეალობა იქნებოდა, რაც უკრაინაშია. შენ რომ მომიწოდებ, რომ სანქციებს შევუერთდე, მოხალისეები გავუშვა, იარაღი გავუგზავნო, ომში ჩავერთო? - იგივე რეალობა იქნებოდა საქართველოს ქალაქებში, რა რეალობაც არის უკრაინაში. ამას გულისხმობს ეს ბანერები და ძალიან კარგად იგებს ჩვენი საზოგადოება".
ცნობითვის: დღეს დილით ქუჩებში პარტია “ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა წარწერით “არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“. ბანერები ორ ნაწილად არის გაყოფილი: ერთ მხარეს უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები, შენობები, ინფრასტრუქტურული ნაგებობის შავ-თეთრი ფოტოა, რომელსაც კუთხეში ოპოზიციური პარტიებისა და ბლოკების წითელი ჯვრებით გადახაზული ნომრები აწერია, ხოლო მეორე მხარეს - საქართველოს მშვიდობიანი, უვნებელი ქალაქების ფერადი ფოტო მმართველი პარტიის საარჩევნო ნომრის ფონზე.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021