შოთაძე: "ივანიშვილი-ჩხარტიშვილი-ხაზარაძის შეხვედრაზე შემთხვევით მოვხვდი"
04/02/2020 13:02:28 სამართალი
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ამჟამად გენერალური პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე ირწმუნება, რომ თავის დროზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ბიზმესმენებთან მამუკა ხაზარაძესა და ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრას შემთხვევით დაესწრო. ამის შესახებ მან საპროკურორო საბჭოში გასაუბრების დროს განაცხადა.
"ივანიშვილთან გაიმართა გარკვეული თათბირი, რომელსაც ესწრებოდა ბატონი მამუკა ხაზარაძე და ესწრებოდით თქვენ, მოქმედი პროკურორის რანგში, ადასტურებთ, რომ ნამდვილად ესწრებოდით?", - ამ კითხვით მიმართა შოთაძეს „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ.
"დიახ, ვადასტურებ, ოღონდ მთავარი პროკურორის რანგში არ ვესწრებოდი. დაემთხვა ისე, რომ სწორედ ამ პერიოდში, როდესაც შეხვედრა უნდა ჰქონოდათ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, მე აღმოვჩნდი იქ. შესაბამისად, შეიქმნა უხერხულობა და მე უბრალოდ დავესწარი. ამ შეხვედრაზე რომ გაჟღერებულიყო ისეთი რამე, ან მომხდარიყო ისეთი ფაქტი, რომ ჩემი იქ დასწრება მიზანშეუწონელი არ იქნებოდა, მე დავტოვებდი ამ შეხვედრას. საუბარი იყო დავის საგანზე, სამოქალაქო დავაზე. მე ვიყავი მთავარი პროკურორი, ვიყავი პირად საკითხზე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, ეს იყო კერძო შეხვედრა, რომელიც ეხებოდა გარკვეულ პროექტს, რომლის განხორციელებასაც ვფიქრობდი. შესაბამისად, მე ამ შეხვედრაზე არანაირი სტატუსით არ ვესწრებოდი და მოვხვდი შემთხვევით, შეხვედრაში არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია და ხმაც არ ამომიღია“, - განაცხადა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა და დასძინა, რომ შეხვედრაზე ივანიშვილმა მიიპატიჟა.
ცნობისთვის: ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე ხაზარაძემ გასული წლის სექტემბერში ისაუბრა. ვანო ჩხარტიშვილი იმ პერიოდში “თიბისი ბანკისგან” 30 მლნ ლარს ედავებოდა და საქმე სასამართლოში განიხილებოდა. ხაზარაძის თქმით, მას ივანშვილმა საქმის საკონსტიტუციო სასამართლოდან გატანა მოსთხოვა.
„ივანიშვილი იყო პრაქტიკულად, პატარა სახელმწიფო, რომელიც საქმეს არჩევდა. გვერდით უზის პროკურორი და არჩევდა საქმეს“, – აცხადებდა ხაზარაძე.


