რუსეთმა ციმბირში საკარანტინო ზონა შექმნა
04/02/2020 14:47:41 მსოფლიო
რუსეთი ჩინეთიდან ევაკუირებულ მოქალაქეებს ციმბირში, ტიუმენის ოლქში შექმნილ საკარანტინო ზონაში გადაიყვანს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.
„ისინი საკარანტინო ზონაში 14 დღეს დაჰყოფენ. ვიმედოვნებთ, რომ კორონავირუსი არ აღმოაჩნდებათ“, – დასძინა გოლიკოვამ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან 700–ზე მეტი თავისი მოქალაქის ევაკუაცია განახორციელა.
ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 425-ს მიაღწია, ინფიცირებულია 20 000–ზე მეტი ადამიანი. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს. ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ ჩინეთიდან დაბრუნებული 4 მოქალაქე იმყოფება. კლინიკიდან სავარაუდოდ, გაეწერება ის ორი პაციენტი, რომელთაც ნიდერლანდებიდან მიღებული პასუხის თანახმად, კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ. რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, მათი ანალიზები თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში გაიგზავნება.


