Accentnews.ge
პრეზიდენტმა დროებითი მთავრობის კანდიდატურებზე ოპოზიციასთან კონსულტაციები დაიწყო

პრეზიდენტმა დროებითი მთავრობის კანდიდატურებზე ოპოზიციასთან კონსულტაციები დაიწყო

07/10/2024 10:44:46 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული დროებითი მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ–მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს.

ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებს – ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძეს ხვდება.

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე დღეს "გახარია- საქართველოსთვის" წარმომადგენლებიც მივლენ, ხვალ კი – "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობისა" და "ძლიერი საქართველოს" წევრები.

საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ მას უკვე შერჩეული ჰყავს პრემიერობის კანდიდატი.

„ქარტიაში წერია, რომ პრემიერი უნდა შეირჩეს ჩემთან კონსულტაციით. მე უკვე მყავს კანდიდატი. ახლა არ გეტყვით, რადგან ჯერ პარტიებთან უნდა შედგეს კონსულტაციები და შევჯერდეთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა „ნოდარ მელაძის შაბათის” ეთერში.

ხოლო დამაზუსტებელ კითხვას, არის თუ არა მის მიერ შერჩეული კანდიდატი პოლიტიკური წარსულის მქონე პირი, უარყოფითად უპასუხა და იქვე ისიც დასძინა, რომ "ის არის „პროფესიონალი, სანდოობით აღჭურვილი და ალბათ, ყველასთვის მისაღები”.

„მე ვარ დარწმუნებული ერთ რამეში - რომ დღეს უნდა გამოვაცხადოთ მთავრობა, რათა ამომრჩეველმა იცოდეს წინასწარ, ვინ იქნებიან მასში და ისინი იყვნენ მაღალი დონის პროფესიონალები, სანდოობით აღჭურვილი პირები და არა პოლიტიკოსები, იმიტომ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, თუ მთავრობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან შედგება. ხომ ვხედავთ თუნდაც ამ კონსოლიდირებულ 4 პარტიას - რამდენი შიდა წყენა, სხვადასხვა მოსაზრება, მსოფლმხედველობა არსებობს... ამ ეტაპზე, როცა ერთი მიზანი გვაქვს, ის ყველაფერი გავაკეთოთ, რაც მომავალი წლის ივნისამდე მიგვიყვანს ევროპაში - იმ ადგილზე, სადაც გვინდა, ვიყოთ”, – განმარტა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ 7 ოქტომბრიდან ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს დაიწყებდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S