ზურაბიშვილი: "პრემიერობის ძალიან კარგი კანდიდატი მყავს შერჩეული"

05-10-2024 21:30:15 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას უკვე შერჩეული ჰყავს პრემიერობის კანდიდატი კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შემთხვევისთვის.

„ქარტიაში წერია, რომ პრემიერი უნდა შეირჩეს ჩემთან კონსულტაციით. მე უკვე მყავს კანდიდატი. ახლა არ გეტყვით, რადგან ჯერ პარტიებთან უნდა შედგეს კონსულტაციები და შევჯერდეთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა „ნოდარ მელაძის შაბათის” ეთერში.

ხოლო დამაზუსტებელ კითხვას, არის თუ არა მის მიერ შერჩეული კანდიდატი პოლიტიკური წარსულის მქონე პირი, უარყოფითად უპასუხა და იქვე ისიც დასძინა, რომ "ის არის „პროფესიონალი, სანდოობით აღჭურვილი და ალბათ, ყველასთვის მისაღები”.

„მე ვარ დარწმუნებული ერთ რამეში - რომ დღეს უნდა გამოვაცხადოთ მთავრობა, რათა ამომრჩეველმა იცოდეს წინასწარ, ვინ იქნებიან მასში და ისინი იყვნენ მაღალი დონის პროფესიონალები, სანდოობით აღჭურვილი პირები და არა პოლიტიკოსები, იმიტომ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, თუ მთავრობა სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისგან შედგება. ხომ ვხედავთ თუნდაც ამ კონსოლიდირებულ 4 პარტიას - რამდენი შიდა წყენა, სხვადასხვა მოსაზრება, მსოფლმხედველობა არსებობს... ამ ეტაპზე, როცა ერთი მიზანი გვაქვს, ის ყველაფერი გავაკეთოთ, რაც მომავალი წლის ივნისამდე მიგვიყვანს ევროპაში - იმ ადგილზე, სადაც გვინდა, ვიყოთ”, – განმარტა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ ორშაბათს, 7 ოქტომბერს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს დაიწყებს მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით.

„ორშაბათს მინდა, დავიწყო პარტიებთან შეხვედრები იმისთვის, რომ არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი და დავიწყოთ მოლაპარაკებები კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით. პარტიებს ექნებათ საშუალება, რომ წარადგინონ მინისტრობის კანდიდატურები" - აღნშნა მან.

ხოლო დამაზუსტებელ კითხვას, არის თუ არა თავად მზად პრემიერობისთვის, თუკი ამას ოპოზიციური პარტიები შესთავაზებენ, ზურაბიშვილმა ასე უპასუხა:

„ასე არ დასმულა კითხვა. მყავს ძალიან კარგი კანდიდატი, ჯერ ვნახოთ […] ცხოვრებაში რომ არაფერი არ არის გამორიცხული, ეს გაკვეთილი ვისწავლე წლების მანძილზე, მაგრამ დღეს, მე მგონი, ძალიან სწორ გზაზე ვდგავართ და გავყვეთ ამ გზას”.

პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მინისტრთა კაბინეტის წევრთა სავარაუდო სია არჩევნებამდე იქნება წარმოდგენილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები