საქართველოს საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებების 62-ე რაუნდის გამართვა 5-6 ნოემბერისთვის არის დაგეგმილი
08/10/2024 07:38:38 პოლიტიკა
თბილისში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან, გაერო-დან და ეუთო-დან. ქართული მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.
"შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი ფუნქციონირების მნიშვნელობას და, ამ კონტექსტში, აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარი საკითხების — რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მიმართულებით წინსვლის საჭიროებაზე.
ასევე, ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის და გალსა და ერგნეთში ხსენებული მექანიზმის რეგულარულად, ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად გამართვის მნიშვნელობას.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდი 2024 წლის 5-6 ნოემბერს არის დაგეგმილი", – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამავე თემაზე: რატომ საუბრობს მოსკოვი პერიოდულად ჟენევის ფორმატისთვის ადგილის ცვლილებაზე - ორი მიზანი.


