04-10-2024 17:15:15 კონფლიქტები ,პოლიტიკა ,კომენტარი
ეს არის ლაპარაკი ლაპარაკისთვის, ასე ეხმიანება „აქცენტთან“ კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი მოსკოვის მორიგ გზავნილს საერთაშორისო მოლაპარაკებების ადგილის ცვლილების თაობაზე. მსგავსი გზავნილები მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ხოლო შვეიცარიამ რუსულ აგრესიასთან მიმართებით მკაფიო პოზიცია დაიკავა, შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მოსკოვიდან (ოკუპირებული აფხაზეთიდანაც) პერიოდულად ჟღერს. ამჯერად ეს საკითხი რუსული დიპლომატიის ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა ახსენა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ახსარ ჯიოევთან შეხვედრისას:
"აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ოს და აფხაზ კოლეგებთან ერთად კონსულტაციებზე, რომლებიც ბოლო დრომდე ჟენევაში იმართებოდა. ახლა ვნახავთ, სად იქნება უფრო ხელსაყრელი მსგავსი შეხვედრების ორგანიზება".
წლის დასაწყისში ამ კონტექსტში გაიჟღერა მაგალითად, მინსკის (სადაც რუსეთს სრული გავლენა აქვს) და ბაქოს ვერსიებმა. ამ უკანასკნელის ხსენება „აზერბაიჯანის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება“ ჰგონია კონფლიქტოლოგს, რადგან ის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ინფორმირებულია, რომ ადგილის ცვლილება თბილისის ინტერესში არ შედის.
„პეკინი, არ აწყობთ, რადგან ცენტრია და არავითარ შემთხვევაში არ შედის მათ ინტერესში [უკრაინაში შეჭრის შემდეგ უფრო და უფრო იზრდება რუსეთის დამოკიდებულება ჩინეთზე]; მათთვის არანაკლებ მიუღებელია ანკარა, რადგან მას კავკასიაში მკაფიო ინტერესები აქვს. აწყობთ ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც ცენტრები არ არიან და ზოგადად, შეიძლება შემოგვთავაზონ მისკი, ასტანა, თეირანიც კი, მაგრამ არა პეკინი და ანკარა“,- დარწმუნებულია კონფლიქტოლოგი. თუმცა იმავდროულად, დარწმუნებულია იმაშიც, რომ ფორმატის ადგილის ცვლილება არსებულ ვითარებაში არც თავად რუსეთისთვის არის სასურველი:
„ქმნიან ილუზიას, თითქოს შვეიცარია მიუღებელია მათთვის და მაინც მონაწილეობენ მოლაპარაკებებში. რეალურად კი მათ აწყობთ, რომ მოლაპარაკებები სწორედ ჟენევაში მიმდინარეობს. ამ ფორმატის გაჩერება არ უნდათ, რადგან ერთი რომ აფხაზებს და ოსებსაც დაეკარგებათ ტრიბუნა. გარდა ამისა, სადღეისოდ ეს ფორმატი უნიკალურია - თითქმის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც რუს დიპლომატებს ოფიციალურ მოედანზე ხვდებიან ეუთოს, ევროკავშირის, აშშ-ის წარმომადგენლები. გაერო გასაგებია, რადგან რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. აი, ევროკავშირისა და აშშ-ის მონაწილეობა თითქმის ყველა ფორმატში გამოირიცხა, რაც რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენი ჟენევის ფორმატი კი დარჩა.
ამიტომ, ლავროვი, ჩემი აზრით, სპეკულირებს და აშანტაჟებს მსოფლიოს, „ნუ გგონიათ, რომ ეს მოგვწონს, ეჭვით ვუყურებთო“, თუმცა, დარწმუნებული ვარ, არსებულ ვითარებაში ძალიანაც მოსწონთ, უბრალოდ ერთგვარ „დამადლების“ ფონის, საინფორმაციო ველის შექმნას ცდილობენ მუდმივად“.
გარდა ამისა, მსგავს გზავნილებს ერთგვარი „თამაშის“ ნაწილადაც განიხილავს კოლფლიქტოლოგი რუსეთის ზოგადი მიდგომიდან გამომდინარე:
"რუსეთი ეთამაშება საქართველოს და ზოგჯერ თითქოს ანგარიშს უწევს, აძლევს საშუალებას, რაღაცაზე უარი თქვას - მაგალითად, რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციას ხმა მისცა საქართველომ, 3+3 ფორმატზე თქვა უარი. რუსეთს აწყობს ასეთი საქართველო, მათ შორის, ის, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არაა, მთავარია, ქვეყანა არ იდგეს ევროკავშირისა და ნატოს გზაზე“.
მეორეს მხრივ, „ქართულ ოცნებას“ იგივე ტერიტორიული მთლიანობის კონტექსტში არ აძლევს პროპაგანდის განვითარების შესაძლებლობასაც კი. ის იხსენებს სერგეი ლავროვის ამასწინანდელ გზავნილს, თითქოს მზადაა სამშვიდობო პროცესს შეუწყოს ხელი. მან საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოიხსენია. ჯიოევთან შეხვედრისასაც ხაზი გაუსვა, რომ "2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარებაო!"
„არანაირი შანსი არ დაუტოვა „ქართულ ოცნებას“, სხვაგვარად წაეკითხათ მისი განცხადება - „აფხაზეთი და სამხეთ ოსეთი არიან დამოუკიდებელი სახელმწიფოები და თქვენ ითანამშრომლებთ მათთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებთანო“. ყველაფერი მკაფიოდ თქვა ერთ წინადადებაში. კითხვაც კარგად იყო დაგეგმილი და პასუხიც. გზავნილი იყო ამგვარი, რომ „მიუხედავად ყველაფრისა, იცოდეთ, სად გადის ჩვენი წითელი ხაზებიო“
მას შეეძლო „სახელმწიფოების“ ნაცვლად ეხსენებინა აფხაზი და ოსი ხალხი და დატოვებდა ორაზროვნებას. რაკი ეს არ გააკეთა, ნიშნავს იმას, რომ არ აპირებს საქართველოსთან მიმართებით არანაირ კომპრომისზე წასვლას. უნდა, მიიღოს ისეთი ხეიბარი, როგორადაც აქცია. არ უტოვებს შანს „ქართულ ოცნებას“, ამომრჩევლის წინაშე მაინც წარმოაჩინოს თავი. ეს, ზოგადად, რუსეთის სტილია - სადაც ძალა არ არის და სახელმწიფო უძლურია, ყველგან ასე მუშაობს. მაგალითად, სულ სხვაგვარად მუშაობს აზერბაიჯანთან, რადგან იცის, რომ მის უკან თურქეთი დგას, სხვაგვარად მუშაობს იგივე ყაზახეთთან [მჭიდრო ურთიერთობები აქვს პეკინთან], მაგრამ არა ყირგიზეთთან, ტაჯიკეთთან - მათ ამცირებს, როგორც ჩვენ! საქართველო ყველაზე დაბალ კატეგორიაშია მათთვის!“.
ის დასძენს, რომ ჟენევა, თავისი ნეიტრალური კონტექსტიდან გამომდინარე, იდეალური ვარიანტია საქართველოსთვის და არანაირად არ შედის ქვეყნის ინტერესებში ადგილის ცვლილება. ამასთან, იმეორებს, რომ რუსეთს „ძალიან სჭირდება ეს ფორმატი სწორედ ჟენევში და მას არავითარ შემთხვევაში არ დათმობს“.