კალაძისთვის ევროპარლამენტის რეზოლუციებს კვლავ "ჩალის ფასი" აქვს
09/10/2024 08:31:20 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისთვის, დედაქალაქის მერ კახა კალაძესთვის ევროპარლამენტის რეზოლუციებს კვლავ "ჩალის ფასი" აქვს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებულრეზოლუციის იმ პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც კენჭს დღეს უყრიან.
„ამ ყველაფერს აქვს ჩალის ფასი. იმ რეზოლუციებს, რომელთაც წინა თვეების განმავლობაში იღებდნენ, დღეს უბრალოდ გარკვეული მიმართულებები დაემატა. რომ გვეუბნებოდნენ, მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდესო, კიდევ ერთხელ გაიმეორეს. წარმოგიდგენიათ?! დემოკრატიაზე, ევროპულობაზე ვსაუბრობთ და ადამიანზე, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი კონკრეტულ საქმეებზე, გვეუბნებიან, უპირობოდ გამოუშვითო. ეს არის მათეული დემოკრატია. მაგისთვის არ გვიბრძოლია ჩვენ და არც ჩვენს წინაპრებს შეუწირავთ თავი იმისთვის, რომ ვიღაცებმა მოწოდებები გაგვიკეთონ, კონკრეტული დამნაშავეები გამოგვაშვებინონ ან თუნდაც ქვეყნის ინტერესი დაგვათმობინონ. ჩვენმა თაობებმა იმისთვის იბრძოლეს, რომ საქართველო თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ყოფილიყო. სანქციებზე ხომ არ იყო ამდენი ხანი საუბარი?! თვითონ ხომ არ საუბრობდნენ?! მეორე, მესამე პირებს ალაპარაკებდნენ ამასთან დაკავშირებით. არსებობს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თემები, უფრო მძიმე, რომელთან დაკავშირებითაც, მაღალი თანამდებობის პირების კაბინეტებში, ხელის გადაგრეხვის მცდელობა ჰქონდათ, რომ ისე მოვქცეულიყავით, ისეთი ნაბიჯი გადაგვედგა, როგორც თავად გვეუბნებოდნენ. დარწმუნებული ვარ, მალე ამასაც ჩაწერენ რევოლუციაში. ეს ძალიან მძიმეა", – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის: ევროპარლამენტში გუშინ საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა.
მოგვიანებით, გამოქვეყნდა რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით "საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ".
თავდაპირველად პარლამენტში მომზადებული იყო 7 სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის პროექტი, საბოლოოდ კი ერთობლივი პროექტი შეთანხმდა „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP), „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ (ECR), „განაახლე ევროპის“ (Renew Europe), მწვანეებისა (Verts/ALE) და „სოციალ-დემოკრატების“ (S&D) პოლიტიკურ ჯგუფებს შორის.
720 პარლამენტარიდან 187 EPP-ის წევრია, 136 - S&D–ის, 77 – Renew Europe–ის, 78 – ECR–ის და 53 – Verts/ALE–ის.
ევროპარლამენტი 9 ოქტომბერს კენჭს უყრის რეზოლუციას. კენჭისყრაზე შესაძლოა, ტექსტში შესწორებები შევიდეს.
დოკუმენტის თანხმად, ევროპარლამენტარები ევროკავშირს, მათ შორის საქართველოს მთავრობისთვის დახმარების გაყინვისკენ, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ და ექს–პრეზიდნტ მიხეილ სააკაშვილის გთავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
როგორც რეზოლუციის პროექტშია აღნიშნული, "ევროპარლამენტი მოელის, რომ "ქართული ოცნება" მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე პატივს სცემს ქართველი ხალხის ნებას და თავისუფალ არჩევანს და უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემას".
ამავე თემაზე: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი: "მოველით, რომ "ოცნება" უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემას"


