ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი: "მოველით, რომ "ოცნება" უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემას"
08-10-2024 22:01:07
პოლიტიკა
ევროპარლამენტი აქვეყნებს რეზოლუციის პროექტს სახელწოდებით "საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ". თავდაპირველად პარლამენტში მომზადებული იყო 7 სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის პროექტი, საბოლოოდ კი ერთობლივი პროექტი შეთანხმდა.
დოკუმენტის თანხმად, ევროპარლამენტარები ევროკავშირს, მათ შორის საქართველოს მთავრობისთვის დახმარების გაყინვისკენ, მმართველი პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ და ექს–პრეზიდნტ მიხეილ სააკაშვილის გთავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
როგორც რეზოლუციის პროექტშია აღნიშნული, "ევროპარლამენტი მოელის, რომ "ქართული ოცნება" მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე პატივს სცემს ქართველი ხალხის ნებას და თავისუფალ არჩევანს და უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემას".
რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ევროპარლამენტი:
- "გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო, რომელიც განვითარდა განვითარდა ამ წლის განმავლობაში და განსაკუთრებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ; მკაცრად გმობს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონისა და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონის მიღებას, ასევე – საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს; მიიჩნევს, რომ აღნიშნული არის ინსტრუმენტები, რომლებსაც მთავრობა იყენებს გამოხატვის თავისუფლების დარღვევის, მედიის ცენზურის, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკულ ხმების დახშობისა და მოწყვლადი ადამიანების დისკრიმინაციის მიზნით; ხაზს უსვამს, რომ ზემოაღნიშნული ასევე შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას; მტკიცედ უსვამს ხაზს, რომ თუ ზემოაღნიშნული კანონმდებლობა არ გაუქმდება, საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობაში პროგრესი ვერ იქნება;
- მოუწოდებს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს გამოიკვლიონ დემოკრატიული უკუსვლის შედეგები; მოუწოდებს ევროკავშირის ყველა დაფინანსება, რომელიც მიეწოდება საქართველოს მთავრობას, გაიყინოს ზემოაღნიშნული არადემოკრატიული კანონების გაუქმებამდე და დაწესდეს მკაცრი პირობები საქართველოს მთავრობისთვის მომავალი დაფინანსების გაცემაზე;
- გამოხატავს შეშფოთებას სიძულვილისა და დაშინების ატმოსფეროს გამო, რომელიც გამოწვეულია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტიკური ლიდერების განცხადებებით, ასევე ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ პლურალიზმზე თავდასხმებით; გმობს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების წამყვანი ფიგურების კომენტარებს, რომლებიც ემუქრებიან ოპოზიციური პარტიების აკრძალვით და ოპოზიციას „კრიმინალურ პოლიტიკურ ძალად“ მოიხსენიებენ; აღნიშნავს, რომ ასეთი დაშინება სერიოზულად უთხრის ძირს პოლიტიკურ პროცესს და გამოხატვის თავისუფლებას და ხელს უწყობს შიშის გარემოს შექმნას;
- მოუწოდებს საფუძვლიანად გამოიძიოს პოლიციის სისასტიკე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა გაზაფხულის საპროტესტო აქციების დროს. აქციები საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ იმართებოდა.
- კვლავ მოუწოდებს კომისიას, სასწრაფოდ შეაფასოს, როგორ აისახება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონები, გენდერული კვოტების გაუქმება და სხვა ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება ზოგადად და არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე, კერძოდ, ფუნდამენტური უფლებების კრიტერიუმზე, რომელიც ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკის გადამწყვეტი კომპონენტია;
- იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისადმი და მათი სურვილისადმი, იცხოვრონ აყვავებულ ქვეყანაში, კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, რომელიც სრულად პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, იცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს ღია საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას; ხაზს უსვამს, რომ გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ მოტივირებული იყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიღწევებისა და დემოკრატიული ძალისხმევის აღიარების სურვილით ისევე, როგორც მოქალაქეების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების აბსოლუტური მხარდაჭერით, რასაც ქართველი ხალხის 80 %-ზე მეტი თანმიმდევრულად უჭერს მხარს. აფასებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაწეულ ძალისხმევას საქართველოს დასაბრუნებლად განვითარების დემოკრატიულ და პროევროპულ გზაზე;
- გმობს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პირად როლს, რომელიც დაბრუნდა აქტიურ პოლიტიკაში 2023 წლის 30 დეკემბერს, როდესაც გახდა „ქართული ოცნების“ „საპატიო თავმჯდომარე“, მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისში და რუსეთისკენ შებრუნების სასარგებლოდ ქვეყნის ევროატლანტიკური ორიენტაციის შელახვის კიდევ ერთ მცდელობაში; იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორებისადმი, რომ დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილს საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო;
- მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, პასუხისგებაში მისცენ და დააწესონ პერსონალური სანქციები ყველა იმ პირზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკური ოპონენტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში და რომლებიც ავრცელებენ ანტიდასავლურ დეზინფორმაციას; მიესალმება აშშ-ის მიერ "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების მიმართ დაწესებულ პირად სანქციებს;
- გამოთქვამს შეშფოთებას იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტში "ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ მიღებული ბევრი საკანონმდებლო წინადადება ღალატობს ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის მისწრაფებებს, იცხოვროს დემოკრატიულ საზოგადოებაში, გააგრძელოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმები, განახორციელოს მჭიდრო თანამშრომლობა ევროატლანტიკურ პარტნიორებთან და იყოს ერთგული ევროკავშირში გაწევრიანების გზის;
- ხაზს უსვამს, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლება არის ფუნდამენტური თავისუფლებები და უნდა იყოს დაცული ყველა ვითარებაში, განსაკუთრებით ქვეყანაში, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება;
- ხაზს უსვამს, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიერ განხორციელებული საზოგადოებრივი დამკვირვებლის როლი არსებითია დემოკრატიული საზოგადოებისთვის და გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული რეფორმების წინსვლისთვის და ამიტომ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ მათთვის ხელსაყრელი გარემო უზრუნველყოს.
- იხსენებს, რომ 2023 წლის 14-15 დეკემბრის ევროპულმა საბჭომ მიანიჭა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმ გაგებით, რომ გადაიდგმება შესაბამისი 9 ნაბიჯი. ხაზს უსვამს, რომ ახლახან მიღებული კანონმდებლობა აშკარად ეწინააღმდეგება ამ ამბიციას და ფაქტობრივად შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია;
- კიდევ ერთხელ მოუწოდებს კომისიის ვიცე-პრეზიდენტს / კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში კომისარს და კომისიის პრეზიდენტს, შეახსენონ საქართველოს მთავრობას მის მიერ აღებული ვალდებულებები და ღირებულებები და პრინციპები, რომლებიც მან გამოიყენა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის დროს;
- იმეორებს ხელშესახებ შესაძლებლობებს, რომლითაც საქართველო ისარგებლებს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისთანავე, როგორიცაა გაწევრიანების წინა დახმარება, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონეს, ასევე ხელს შეუწყობს ინსტიტუტებს, ინფრასტრუქტურასა და სოციალურ სერვისებს;
- მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები შეესაბამებოდეს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან პროცესს, რომელიც ასახავს ხალხის დემოკრატიულ ნებას; ითხოვს მმართველი პარტიის სასარგებლოდ საჯარო რესურსებისა და ადმინისტრაციული შესაძლებლობების ბოროტად გამოყენების ფესვგადგმული პრაქტიკის გაუქმებას; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოს, რომ არჩევნების დაკვირვებაში ჩართული სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაციამ შეძლოს დაკვირვება ამ არჩევნებზე მათ მუშაობაში დაბრკოლების ან ჩარევის გარეშე;
- იზიარებს ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას საქართველოში არჩევნების საკანონმდებლო ბაზაში და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები [საარჩევნო კოდექსში] დიდ გავლენას მოახდენს დაინტერესებული მხარეების აღქმასა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის მხრივ ნდობაზე;
- შეშფოთებას გამოხატავს საზღვარგარეთ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნის გადაწყვეტილებაზე, მიუხედავად ქართული დიასპორის არაერთი მოთხოვნისა, რითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა უმრავლესობას ართმევს ხმის მიცემის უფლებას;
- აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოხმაურების ფონზე, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს მოახლოებული არჩევნების ლეგიტიმურობას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „რეკომენდაცია გაუწია“, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს გაეუქმებინა 2024 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ დაკავშირებით.
- გმობს „ქართული ოცნების“ მიერ უკრაინის ომის ძალადობრივი სურათების გამოყენებას, როგორც როგორც მოსაზრებების მანიპულირებისა და დეზინფორმაციის, პრორუსული და ანტიუკრაინული განწყობების გავრცელების საშუალებას მის კამპანიაში ოქტომბრის არჩევნების წინ;
- მოელის, რომ "ქართული ოცნება" მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე პატივს სცემს ქართველი ხალხის ნებას და თავისუფალ არჩევანს და უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემას; მოითხოვს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერებმა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა, დაშინება, სიძულვილის ენა, დევნა და რეპრესიები, რასაც ის ახორციელებს ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მიმართ;
- მტკიცედ სწამს, რომ მოახლოებული არჩევნები იქნება გადამწყვეტი საქართველოს მომავალი დემოკრატიული განვითარებისა და გეოპოლიტიკური არჩევანის განსაზღვრაში ისევე, როგორც მისი უნარისთვის, მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს კანდიდატობასთან ერთად; აღიარებს, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის კონსოლიდაცია ახალგაზრდა ლიდერების თაობით, რაც გამოვლინდა სპონტანური პროტესტით „უცხოური აგენტების“ კანონის წინააღმდეგ;
- გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში რუსეთის გაზრდილი გავლენის გამო, მათ შორის რუსეთიდან გაზრდილი იმიგრაციის გამო, რუსეთთან გაზრდილი სავაჭრო კავშირებისა და საქართველოს მზადყოფნისთვის, განაგრძოს რუსეთთან შერიგება უკრაინაში რუსეთის ომისა და საქართველოს სუვერენული ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაციის მიუხედავად; მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის საპასუხოდ, გააგრძელოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების წინა პოლიტიკა და პატივი სცეს მის ვალდებულებას, განახორციელოს ეფექტური ზომები ევროპული სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად; მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სრულად შეუერთდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას და ევროკავშირის სტრატეგიას რუსეთის მიმართ;
- მტკიცედ იმეორებს თავის სასწრაფო მოთხოვნას ჰუმანიტარული ნიშნით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლების შესახებ საზღვარგარეთ სამკურნალოდ მკურნალობის მიზნით; ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული და უდავო პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე და მან უნდა აგოს სრული პასუხისმგებლობა სააკაშვილზე ნებისმიერი ზიანისთვის;
- აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ კიდევ უფრო გააუარესა ხელმისაწვდომობა საჯარო ინფორმაციაზე, მათ შორის საბჭოთა პერიოდის არქივებზე, გამოიყენა ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია არქივზე წვდომის დრაკონული შეზღუდვების ცრუ დასაბუთებისთვის. წუხს სტალინის კულტის და მასთან დაკავშირებული საბჭოთა ნოსტალგიის ზრდის გამო საქართველოში, რასაც მხარს უჭერს მმართველი მთავრობა, რაც ხაზს უსვამს მის მჭიდრო კავშირს რუსეთთან.
- ავალებს თავის პრეზიდენტს, გაუგზავნოს ეს რეზოლუცია კომისიის ვიცე-პრეზიდენტს / კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ეუთოს, საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს".
ევროპარლამენტი 9 ოქტომბერს კენჭს უყრის რეზოლუციას. კენჭისყრაზე შესაძლოა, ტექსტში შესწორებები შევიდეს.