Accentnews.ge
კალაძე: არ ვიცი, ქვეყანაში ჩემზე პროევროპელი და პროამერიკელი ადამიანი რამდენი დადის

კალაძე: არ ვიცი, ქვეყანაში ჩემზე პროევროპელი და პროამერიკელი ადამიანი რამდენი დადის

17/10/2024 11:55:21 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" გენმდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე "სიყალბეს" უწოდებს აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადების პათოსს. მანამდე მან ფაქტობრივად ევროკავშირი შეადარა საბჭოთა კავშირს.

„ერთია სიყალბე და ვირტუალური სამყაროს შექმნა, რისი მცდელობაც რეალურად აქვთ, რაც 2012 წლამდეც იყო. მაშინაც იგივე დამოკიდებულება იყო, ვირტუალური საქართველო შექმნეს და გარედან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ეუბნებოდნენ, რომ თურმე სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი დემოკრატიის შუქურა იყო, ამას ასე აფასებდნენ. რეალობაში, სხვა მოცემულობა გვქონდა.

ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა ამ სისხლიან რეჟიმს პატრონებთან ერთად პასუხი გასცა. დღეს ქვეყანაში ნამდვილი დემოკრატია გვაქვს, ეკონომიკური მიმართულებით ქვეყანა წინ მიდის, ბიზნესს არავინ ატერორებს, არავინ იბარებს და ართმევს ბიზნესს, ციხეებში გვახსოვს როგორი მდგომარეობა იყო, დღეს რადიკალურად განსხვავებული მოცემულობაა, ქუჩაში ახალგაზრდებს არ ხოცავენ და ამ მოცემულობაზე გვეუბნებიან რომ უკან გადადგმული ნაბიჯები გვაქვს. დიდი სიყალბე და სიცრუეა, ამის თქმის საფუძველი არ არსებობს. როგორც კი არჩევნები დამთავრდება, რუსეთ-უკრაინის ომი მილევად რეჟიმში გადავა, შევძლებთ ურთიერთობების დალაგებას. სანამ ომი დაიწყებოდა, ეს მდგომარეობა ხომ არ გვქონდა?! მას შემდეგ დაიწყო ასეთი განცხადებები, როდესაც საქართველომ უარი თქვა სანქციებზე მიერთებაზე. ჩემზე პროევროპელი და პროამერიკელი არ ვიცი, რამდენი ადამიანი შეიძლება დადიოდეს ქვეყანაში. პირველი და უმნიშვნელოვანესი არის ჩემი ქვეყანა, პირველი მე ვარ პროქართველი, პროქართულ პოლიტიკას ვატარებ. ეს არის მნიშვნელოვანი ხალხის და ქვეყნის ინტერესები დავიცვათ. პატივს ვცემთ ევროპას, ევროპულ მომავალს, მაგრამ ამ ტიპის განცხადებები ურთიერთობებს აზიანებს. ყველაფერი დალაგდება, როგორც კი არჩევნები დასრულდება და ომი გადავა მილევად რეჟიმში“,- ამტკიცებს კალაძე.

აშშ-ის ჰელსინკის კომისია აცხადებს, რომ "საქართველოს მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს".

“ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ქართველმა ხალხმა აჩვენა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი თავიანთი ერთგულება. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები, საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ქვეყნისა და ხალხისადმი საკუთარ ვალდებულებებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, რომელსაც დამოუკიდებელი საარჩევნო დამკვირვებლები დააკვირდებიან, პოლიტიკური ოპოზიციის დაშვებით, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და მისი ხალხის ღრმად ფესვგადგმულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

სექტემბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ზომების ფართო სპექტრი დააანონსა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და სხვების წინააღმდეგ, ვინც ძირი გამოუთხარა საქართველოს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს. მაისში ჰელსინკის კომისიის ლიდერებმა “მეგობარი აქტი” წარადგინეს - ორპარტიული კანონპროექტი, რომლის მიზანიცაა, საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება და რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების ერთგულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და წინააღმდეგობა გაუწიოს ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით, რუსეთის გავლენას. კანონპროექტი ორპარტიულად დამტკიცდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში და ახლა წარმომადგენელთა პალატაში ელის დამტკიცებას“, - აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S