კალაძე - პარტნიორებზე: რასაც ისინი აკეთებენ, არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან
14/10/2024 11:27:15 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" გენმდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ევროკავშირს საბჭოთა კავშირს ადარებს.
„რისთვის ვიბრძოლეთ? იმისთვის, რომ ვყოფილიყავით დამოუკიდებლები. ვიყავით საბჭოთა კავშირში და არ გვინდოდა, ყველა დაშტამპული სახელმწიფოებივით ვიყავით, ყველას ერთნაირი ხაზი გვქონდა. გვინდოდა, თავისუფლები ვყოფილიყავით და დამოუკიდებლები. დღეს რასაც ისინი კადრულობენ და აკეთებენ, არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან. ჩვენ თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი გვინდა. ევროპას რატომ აქვს ფასი? იმით, რომ განსხვავებული სახელმწიფოები არის იქ, რომელსაც თავისი კულტურა, ტრადიციები აქვთ. ამ მრავალფეროვნებით არის ევროკავშირი და ზოგადად, ევროპა საინტერესო. თუ ამ ყველაფერს ხაზი გადავუსვით და ერთნაირად დაშტამპულები უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს საბჭოთა კავშირის სტატუსი იქნება თუ ევროკავშირის? თუ ამ ფორმით უნდა ვიყოთ. წარმოუდგენელია. ეს დამოკიდებულება მისაღები არ არის“,- განაცხადა "ქართული ოცნების" გენმდივანმა კახა კალაძემ. ამ კომენტარით გამოეხმაურა ის ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას.
მსგავსი შედარება წარსულში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორგანმა გამოიყენა მისი პოლიტიკის კრიტიკის გამო. მაშინ მას შეახსენეს, რომ ბლოკის დატოევბა ნებაყოფლობითია, განსხვავებით საბჭოთა კავშირისგან.


