15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე რამდენიმე პოლიციელის გადაცდომაც იკვეთება
07/02/2020 08:36:24 სამართალი
15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებებით პოლიციის რამდენიმე თანამშროლის მიერ ადმინისტრაციული გადაცდომა გამოიკვეთა, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოებული გამოძიების პროცესში გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების სხვა თანამშრომლების (მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირის) მხრიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის სავარაუდო დარღვევაზე. კერძოდ, შეკრებილი მტკიცებულებებით იკვეთება, რომ პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განყოფილებაში ყოფნის დროს აგრესიულად, ხმამაღალი ტონით უცენზურო სიტყვებით მიმართა არასრულწლოვან ლ.ს-ს, ხოლო აღნიშნული განყოფილების მენეჯერმა არ უზრუნველყო პოლიციის შენობაში არასრულწლოვანთათვის შესაფერისი გარემო და არასრულწლოვანს გაესაუბრა კანონიერი წარმომადგენლის დასწრების გარეშე. შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქმის სასამართლოში წარმართვის პარალელურად, მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, პოლიციის ზემოაღნიშნული მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით”, – ნათქვამია ინსპექტორის აპარატის განცხადებაში", – ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო ინსპექტორმა საქმეზე ბრალდებული გამომძიებლის - მარიანა ჩოლოიანის სისხლის სამართლის საქმე სასამარლოს დღეს გადაუგზავნა. ინსპექტორმა საქმეზე გამოძიება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ადვოკატის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა. გამომძიებელი რუსთავის მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში 20 დეკემბერს გადაიყვანეს. მანამდე ის ჯანმთელობის მდგომარეობის გამო კლინიკაში იმყოფებოდა.
15 წლის ლუკა სირაძის ოჯახის განცხადებით, მოზარდმა თავი სწორედ პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ მოიკლა.


