ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 908-მდე გაიზარდა
10/02/2020 06:31:48 მსოფლიო
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 908-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია 40 000–ზე მეტი ადამიანი. ჩინეთის გარდა, 25–ზე მეტ ქვეყანაში ვირუსის 500-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.
ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს.
დღეს ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავლენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.
ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
9 თებერვალს ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე დაბრუნდა, რომლებსაც სკრინინგის შედეგად ვირუსის ნიშნები ასევე არ დაუდგინდათ.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.


