ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ნაწილს სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდება
10/02/2020 08:41:10 სამართალი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ნაწილს სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდება, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაშია ნათქვამი.
დოკუმენტის თანახმად, მუნიციპალიტეტში (გარდა დაბა ხარაგაულის, ასევე სოფელ დიდვაკის და საღანძილის რამდენიმე ოჯახისა) წყლის გამწმენდი ნაგებობების არარსებობის გამო მოსახლეობას მიეწოდება გაუფილტრავი წყალი.
„რაც შეეხება საბავშვო ბაღებისთვის მიწოდებულ წყალს, ლაბორატორიული კვლევის შედეგებით შეუსაბამობები გამოვლინდა დაბა ხარაგაულის №1 და №2 და სოფელ ხევის საბავშვო ბაღებში“, – ნათქვამია დასკვნაში.
დოკუმენტის თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017-2019 წლებში მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო მონიტორინგი ჩატარდა და შედეგების მიხედვით, 2017 წელს აღებული ხუთი სინჯიდან დარღვევა გამოვლინდა სამ სოფელში, 2018 წელს – ორში, 2019 წელს - სამში, მათ შორის ზოგიერთ შემთხვევაში - ისეთი მიკრობიოლოგიური ორგანიზმები, რომელთა სასმელ წყალში არსებობა დაუშვებელია.
„პრობლემა სისტემური ხასიათისაა, თუმცა მუნიციპალიტეტს არც სათანადო ღონისძიებები გაუტარებია მის გადასაწყვეტად და არც სამოქმედო გეგმა შეუმუშავებია“, – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.
წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, დაბა ხარაგაულის სოფლებში დიდვაკესა და საღანძილეში 1165 ოჯახის წყალმომარაგებას შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ უზრუნველყოფს, დაბა ხარაგაულის ნაწილს – 75 ოჯახს შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე ა(ა)იპ – დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება ემსახურება. რაც შეეხება დანარჩენ სოფლებს, წყლის არსებული სისტემები მოვლა-პატრონობისთვის რომელიმე ორგანიზაციაზე გადაცემული არ არის.


