ბრიტანეთში კორონავირუსი მკურნალ ექიმებსაც დაუდასტურდათ
10/02/2020 13:54:29 მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი იმ საავადმყოფოს მედპერსონალსაც დაუდასტურდა, სადაც ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობდნენ, – იუწყება BBC.
მისივე ცნობით, აღნიშნულის გამო საქსესში მდებარე მრავალპროფილური საავადმყოფო დროებით დახურეს. ინფიცირებული მედპერსონალის რაოდენობა ჯერ–ჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ბრიტანეთში ვირუსით დაავადებულ 8 პაციენტს მკურნალობენ.
ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 908-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია 40 000–ზე მეტი ადამიანი. ჩინეთის გარდა, 25–ზე მეტ ქვეყანაში ვირუსის 500-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.
ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს.
დღეს ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავლენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.
ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
9 თებერვალს ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე დაბრუნდა, რომლებსაც სკრინინგის შედეგად ვირუსის ნიშნები ასევე არ დაუდგინდათ.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.


