Accentnews.ge
გიგი უგულავა დააკავეს და "მატროსოვზე" გადაიყვანენ

გიგი უგულავა დააკავეს და "მატროსოვზე" გადაიყვანენ

10/02/2020 19:25:32 სამართალი

"ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს და მას ე.წ. "მატროსოვის ციხეზე" გადაიყვანენ,– ამის შესახებ შს სამინისტროს შენობიდან გამოსულმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

"ბიძინა ივანიშვილის მანტიამოსხმული ჯამბაზების: თადუმაძის, გაბინაშვილის და შავლიაშვილის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება ახლა უკვე რეალურად აღსრულდა. გიგის გადაიყვანენ ე.წ. მატროსოვის ციხეზე. გიგი ღირსეულად შეხვდა ამ გამოწვევას, თავად მოვიდა შს სამინისტროში. ამას კი წინ უძღოდა სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც გიგის სიტყვის თქმის უფლებაც კი არ მიეცა, მე, როგორც ადვოკატს – პოზიციის ჩამოყალიბების საშუალება და სადღაც სოროში შეკეტილებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის უზენაესი სასამართლოს მიერ წელიწადნახევრის წინ ზუსტად ანალოგიური ბრალდების საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან თბილსერვიზის ეპიზოდზე",– განაცხადა ადვოკატმა.

ამდენად, უგულავა უკვე მესამედ გაივლის აღნიშნულ სამართლებრივ პროცედურებს.

ცნობისთვის: უზენაესი სასამართლოს განაჩენის აღსრულების მიზნით, დაბარებული გიგი უგულავა, შინაგან საქმეთა სამინისტროში თავად გამოცხადდა.

უგულავამ შენობაში შესვლამდე საზოგადოებას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ბრძოლა გრძელდება, მანამ, სანამ ამ შავ ჭირს, ბიძინა ივანიშვილს არ მოვიშორებთ. მხოლოდ მოშორება არ არის გამოსავალი. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ის სისტემა, რომელიც, მათ შორის, იმათ ჭამს, ვინც ამ სისტემის სათავეში იყო. დღეს, რაც ვიხილეთ, კავშირში არ არის მართლმსაჯულებასთან. ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება ყველა ადამიანი, ვინც უბრალოდ ივანიშვილს არ ემორჩილება. ჩვენ გვაქვს არჩევანი: ვიყოთ ივანიშვილის მონები, რაც უყვარს - ადამიანები, რომლებიც არ ეკამათებიან მას, ყველაფერს უჯერებენ და ყველანაირ საზიზღრობაზე აწერენ ხელს. ან ვიქნებით თავისუფალი ადამიანები, რომლებიც ვიბრძოლებთ მანამდე, ვიდრე არ მოშორდება ეს შავი ჭირი. სისტემამ უნდა გამორიცხოს ასეთი შავი ჭირის მოსვლა“.

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო და 3 წლით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალმდებელი აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ სცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლისა და სამი თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება შეცვალა უზენაესმა სასამართლომ.

ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S