ცესკო: ჩარჩო კონვერტში ბიულეტენების სწორად მოთავსების შემთხვევაში, სრულად იყო დაცული ფარულობა
30/10/2024 13:10:27 პოლიტიკა
ხმის ფარულობის დაუცველობასთან დაკავშირებით გაჟღერებული ბრალდებების საპასუხოდ ცესკო ჩარჩო-კონვერტზე ამახვილებს ყურადღებას. საუბარია არაერთი პირის ცნობაზე, ასევე გავრცელებულ მასალაზე, ბიულეტენის მეორე მხარეს მარკირების კვალი ჩანდა, შესაბამისად, იდენტიფიცირებადი იყო მოქალაქის მიერ დაფიქსირებული არჩევანი. ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის (2 263 უბანი 3 111-დან) შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა.
"ბიულეტენები დაიბეჭდა მაღალი გრამაჟობის ოფსეტურ ქაღალდზე, რომელიც გაცილებით სქელია, ვიდრე ეს იყო 2021 წლის არჩევნებზე კრწანისის ოლქში გამოყენებული ბიულეტენების შემთხვევაში. ასევე, ბიულეტენები დაიბეჭდა შესაბამისი წესით შერჩეულ სტამბებში და ამ პროცესს აკვირდებოდნენ, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები. გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ სპეციალური ჩარჩო კონვერტი დამზადებული იყო იმგვარი სისქის ქაღალდისგან, რომელშიც ბიულეტენების სწორად მოთავსების შემთხვევაში, სრულად იყო დაცული ფარულობა. აღნიშნული, არაერთგზის იქნა გამოცდილი განვლილი პილოტებისას და ტესტირებისას და ამ პროცესში გათვალისწინებული იქნა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები. ის, რომ ჩარჩო კონვერტი სრულად უზრუნველყოფდა ფარულობას, აღინიშნა სხვადასხვა მედია თუ საზოგადოების წარმომადგენლებისგან. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიისას საარჩევნო ადმინისტრაცია განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებდა ჩარჩო კონვერტის გამოყენების ინსტრუქციაზე. [...] ჩვენ ვერ შევყვებით დაინტერესებული ჩართული მხარეების შეთქმულების თეორიებს ზოგიერთ შემთხვევაში ბიულეტენების მონიშვნის შემდგომ, მის მეორე მხარეს მონიშვნის ხილვადობის გამო, რაიმე ტიპის მანიპულაციის შესაძლებლობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ.
მისივე თქმით, „ბიულეტენთან დაკავშირებით არჩევნების დღეს, ასევე, ვრცელდებოდა ფოტოები, რომელიც აჩვენებდა, რომ თითქოს ბიულეტენებზე წინასწარ იყო მონიშნული კონკრეტული სუბიექტი წერტილით".
ის ხაზგასმით აღვნიშნავს, რომ "გადათვლების პროცესში არ აღმოჩენილა არც ერთი ბიულეტენი მსგავსი მონიშვნით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ დაწერილა საჩივარი. რჩება შთაბეჭდილება, რომ ერთადერთი ამოცანა საზოგადოების აღქმებზე საინფორმაციო შეტევაა, რათა ამ ინფორმაციულ ნაკადში, საზოგადოებამ ვეღარ შეძლოს სიმართლის და ტყუილის გარჩევა და ბრმად დაიჯეროს მიწოდებული ინფორმაცია, როგორც ეს მოსახლეობის აღწერის მონაცემებისა და ამომრჩეველთა რაოდენობის მონაცემების „შედარების“ შემთხვევაში მოხდა. რისი აღიარებაც, შემდგომ, თავად ამ მონაცემების გამავრცელებლებსაც კი მოუხდათ".


