ნიკა გვარამია მის დაკავებას არ გამორიცხავს
11/02/2020 16:26:56 სამართალი
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მის დაკავებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ "ხელისუფლება ჯერ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დაიჭერს, შემდეგ კი მისი ჯერი დადგება".
ამასთან, როგორც გვარამია აცხადებს, იგი "ფორსირებულ სასამართლო პროცესებზე" დასწრებას არ აპირებს.
"სასამართლო პროცესები ყოველ მეორე დღეს ჩაინიშნა. მე არ მოვალ ამ პროცესებზე. ვივლი კვირაში ერთხელ ისე, რომ შევძლო ჩემი ტელევიზიის ხელმძღვანელობა და თუ უნდათ, შეცვალონ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით. პატიმრობაში ჯდომა მირჩევნია იმას, რასაც ახლა მთავაზობენ.. მატარონ ძალით პროცესებზე. პატიმრობაში გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს, წერტილი, ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა", - განუცხადა ჟურნალისტებს გვარამიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.
პროკურატურა გვარამიას “რუსთავი 2"-ის ქონების გაფლანგვას ედავება. ტელეარხის ყოფილ გენერალურ დირექტორს აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.


