იაპონიაში, საკრუიზო გემზე კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 175-ს მიაღწია
12/02/2020 06:12:43 მსოფლიო
იაპონიაში კარანტინს დაქვემდებარებულ საკრუიზო გემ „Diamond Princess“-ზე კორონავირუსით (COVID-19) დაავადებულთა რაოდენობამ 175-ს მიაღწია.
ხომალდის ბორტზე ამ დროისთვის სულ 3700 ადამიანი იმყოფება, მათგან ეკიპაჟის 160 წევრი ინდოეთის მოქალაქეა.
გემის ეკიპაჟმა დახმარებისთვის გაერო-სა და ინდოეთის მთავრობას მიმართა. როგორც მის ვიდეო–მიმართვაშია ნათქვამი, ეკიპაჟის წევრები არ არიან იზოლორებულები კორონავირუსით ინფიცირებულთაგან.
„ჩვენი მოთხოვნაა, განგვაცალკევონ ინფიცირებული მგზავრებისგან. ამ დრომდე ჩვენთვის კორონავირუსზე გამოკვლევები არავის ჩაუტარებია. ამოწმებენ მხოლოდ იმ მგზავრებს, რომელთაც 37.5 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა აქვთ. თუ იაპონიას არ აქვს საშუალება, გემზე მყოფ ხალხს სათანადო დახმარება გაუწიოს, თხოვნით მივმართავთ გაერო-სა და ინდოეთის მთავრობას, მყისიერი დახმარება აღმოგვიჩინონ და განგვაცალკევონ ინფიცირებულთაგან“, – აცხადებენ ეკიპაჟის წევრები ვიდეო–მიმართვაში, რომელიც CNN-მა გაავრცელა.
ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1113-მდე გაიზარდა, ინფიცირებულია 44 000–ზე მეტი ადამიანი. ჩინეთის გარდა, 25–ზე მეტ ქვეყანაში ვირუსის 500-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.
ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ–ჯერობით არ არსებობს.
გუშინ ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩავიდნენ. ისინი ჩინელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლაში დაეხმარებიან და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.
ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან საქართველოს 3 მოქალაქე - თურქეთში, ხოლო 2 საფრანგეთშია ევაკუირებული. არსებული ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, საქართველო ჯერ–ჯერობით დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოთა რიგში რჩება, თუმცა მოსახლეობამ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას.


