Accentnews.ge
დამანგრეველი აფეთქება დიღომში:დაზარალებულები ყვებიან, ვისი ბრალეულობა გამოკვეთა გამოძიებამ

დამანგრეველი აფეთქება დიღომში:დაზარალებულები ყვებიან, ვისი ბრალეულობა გამოკვეთა გამოძიებამ

12/02/2020 10:37:34 სამართალი

2018 წლის ბოლოს ინტერნეტ-სივრცე იმავე წლის 1 დეკემბერს დიღომში, შერმადინის #68–ში მომხდარი ძლიერი აფეთქების კადრებმა დაიპყრო.

ვიდეო კადრე palitravideo.ge-მ გაავრცელა

გამოძიება სსკ–ის 240–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს "სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია".

საბედნიეროდ, აფეთქებას ამ ჯერზე მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავდა შენობაში მყოფი მუშახელი - ლ.მურჯიკნელმა და გ.ხუტიძემ მძიმე დაზიანებები მიიღეს, ოჯახების მარჩენლებმა დაკარგეს შრომისუნარიანობა, მის დასაბრუნებლად კი მკურნალობა სჭირდებათ, რისი შესაძლებლობაც არ აქვთ. ამასთანავე, განადგურდა ყარალაშვილების სახლი, დაზარალდნენ მათი მეზობლებიც.

იმთავითვე გაჩნდა ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდა უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რადგან ბუნებრივი აირის დაგროვება მოხდა სახლში, სადაც გაზი შეყვანილი არ არის.

როგორც „აქცენტს“ დაზარალებულები უყვებიან, გამოძიებამ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) თანამშრომლების ბრალეულობა გამოკვეთა. კერძოდ, გამოძიების თანახმად, კომპანიის თანამშრომლები 2018 წლის აგვისტოში შერმადინის ქუჩაზე აწარმოებდნენ წყლის გაყვანის სამუშაოებს და მუშაობის დროს დააზიანეს კომპანია “ჩირაღდანიXXI“-ის კუთვნილი გაზის მილი, რომელიც შემდგომში თავადვე გადააბეს - ცხადია, არაკვალიფიციურად და გადაბმული მილებიდან დაიწყო აირის გამოდინება. შედეგად ბუნებრივი აირი მოხვდა საკანალიზაციო მილში, შემდეგ გავრცელდა საკანალიზაციო სისტემაში, რომელზეც მიერთებული იყო ყარალაშვილების სახლი, დაგროვდა მის მთელ სივრცეში და უკვე 1 დეკემბერს აფეთქება მოხდა.

დაზარალებულთა თქმით, „მთავარი კითხვაა, რეალურად რა მოხდა აგვისტოში, რატომ დაირღვა უსაფრთხოების ნორმები, ეს მხოლოდ კომპანია GWP–ს რიგითი თანამშრომლების პასუხისმგებლობაა, რომლებიც უშუალოდ აწარმოებდნენ სამუშაოებს, თუ კომპანიისაც, რომლის სახელითაც ხსენებული თანამშრომლები აწარმოებდნენ სამუშაოებს?“.

დაზარალებულები მიუთითებენ რამდენიმე გარემოებაზე:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის #1-1/525 ბრძანების მე–12 მუხლის 5 პუნქტის თანახმად, სამშენებლო და მიწის სამუშაოების წარმოება გაზსადენის დასაცავ ზონასთან 15მ–ის სიახლოვეს დასაშვებია გაზის მიმწოდებელ საწარმოსთან შეთანხმებით. სამუშაოების დაწყებამდე გაზის მიმწოდებელ საწარმოს წარედგინება სამუშაოების წარმოების გეგმის პროექტი, რათა გამოირიცხოს გაზის მილის დაზიანება.

„მიუხედავად ამისა, წყალმომარაგების კომპანიამ ისე აწარმოა სამუშაოები გაზსადენის დასაცავ ზონაში 2018 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, რომ არ გაითვალისწინა მინისტრის ბრძანების მოთხოვნები“,– აღნიშნავენ დაზარალებულები.

ამასთან, საქმის მასალებზე დაყრდნობით ისინი ყვებიან, რომ GWP–მ სამუშაობის პროექტის შედგენისას არ გაითვალისწინა სამუშაოთა არეალში გაზსადენის არსებობა, მით უფრო, რომ პროექტის შედგენამდე მისმა წარმომადგენლებმა გადაიღეს ფოტოები და ამ ფოტოებზე, რომელიც ასევე ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, ასახულია ქუჩაზე არსებული გაზის მრიცხველები. ამდენად, მათთვის ცობილი უნდა ყოფილიყო სამუშაობის არეალში გაზსადენის არსებობა.

„ყველა ინჟინერი, რომელიც გამოძიების პროცესში გამოიკითხა, ადასტურებს, რომ მათთვის ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან გახდა ცნობილი სამუშაოთა წამოების ადგილას გაზსადენის არსებობის შესახებ. მიზისქვეშა კომუნიკაციების აღმოჩენისას ვალდებულები იყვნენ, შეეჩერებინათ სამუშაოები, დაჰკავშირებოდნენ სამუშაოთა ხელმძღვანელს და მხოლოდ მისი ნებართვის შემდეგ გაეგრძელებინათ სამუშაოები. გარდა იმისა, რომ მათ უსაფრთხოების ნორმების უგულელყოფით გადააბეს გაზის მილი, არ ჩაატარეს საკონტროლო დაწნეხვა, რასაც მოითხოვს ეკონომიკის მინისტრის ზემოთხსენებული ბრძანების მე–7 მუხლი“,– ამბობენ დაზარალებულები.

მათივე თქმით „მართალია, კომპანიის თანამშრომელი, რომელიც ადგილზე აწარმოებდა სამუშაოებს, საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას, თუმცა ჩნდება კითხვა, რატომ უნდა წასულიყო რისკზე თავად – რიგითი თანამშრომელი და არ ეცნობებინა კომპანიისთვის ადგილზე გაზის მილის აღმოჩენის შესახებ, თუ უშუალოდ კომპანიის ინტერესებში არ შედიოდა უკვე მიღებული პროექტის გადამუშავება და ამისთვის დამატებითი ფინანსური და დროითი რესურსების გამოყოფა?!".

ამ კონტექსტში, როგორც დაზარალებულები ამბობენ, საინტერესოა თავად სისხლის სამართლის საქმეში არსებული წერილები, რომელიც ეკუთვნის დიღომში აირის გამყვან კომპანიას „ჩირაღდანი 21 საუკუნე“, ხოლო ადრესატია GWP. წერილები თარიღდება 2018 წლის 8, 14, 19, 23, 30 აგვისტოთი და 2018 წლის 9, 25 ოქტომბრით. გაზის კომპანია წყლის კომპანიას ამცნობს, რომ GWP–ს ბრიგადები სისტემატიურად აზიანებენ გაზის მილებს და ითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას.

„აქცენტი“ კომენტარისთვის GWP–ს დაუკავშირდა.

„შერმადინის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. ჯერ არ მიგვიღია აღნიშნულ საკითხზე ექსპერტიზის დასკვნები. მომხდართან დაკავშირებით დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და ვიმოქმედებთ შესაბამისად“,– აცხადებენ კომპანიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S