ჩვილის გაყიდვის ბრალდებით ყველა დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
12/02/2020 10:51:20 სამართალი
არასრულწლოვანით ვაჭრობის-ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული დედა, ორი ექიმი და კიდევ 4 პირი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გირაოს სანაცლოდ გაათავისუფლეს.
ბავშვის გაყიდვის ბრალდებით სულ შვიდი ადამიანი დააკავეს. "გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით განიზრახეს, გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ. ბრალდებულებმა აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა ფეხმძიმობის პერიოდში შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით.
საგამოძიებოს სამსახურმა, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, განხორციელებული ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა, ხოლო, ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკიგნის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე 2 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 14-დან 17-წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


