Accentnews.ge
კობახიძე: "ყველაფერთან დაკავშირებით მქონდა საუბარი შარლ მიშელთან, განმარტებები გავუკეთე, მან მოისმინა და ალბათ, გამოიტანს დასკვნას"

კობახიძე: "ყველაფერთან დაკავშირებით მქონდა საუბარი შარლ მიშელთან, განმარტებები გავუკეთე, მან მოისმინა და ალბათ, გამოიტანს დასკვნას"

08/11/2024 11:53:49 პოლიტიკა

„ყველაფერთან დაკავშირებით მქონდა საუბარი შარლ მიშელთან, მათ შორის განვუმარტე მას, რომ მთელი რიგი სუბიექტები ითხოვდნენ გამოძიებას, ბორელის განცხადება შევახსენე მას, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება და ისინი საუბრობდნენ სწორედ ეროვნულ გამოძიებაზე, ქართული, კონსტიტუციური ორგანოების მიერ ჩასატარებელ გამოძიებაზე. მე მას განვუმარტე, რომ ცესკო-მ მიმართა პროკურატურას, მეორე დღესვე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება არჩევნების თემასთან დაკავშირებით. შემდეგ პროკურატურაში დაიბარეს გამოკითხვაზე სალომე ზურაბიშვილი, შემდეგ იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ მას ეთანამშრომლა პროკურატურასთან, თუმცა, ამაზე უარი თქვა სალომე ზურაბიშვილმა. ჩვენ გავყევით იმ მოწოდებას, რომელიც მოვისმინეთ როგორც აშშ-დან, ასევე ევროკავშირიდან. პროკურატურამ დაიწყო რეალურად გამოძიება, შემდეგ სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა ის ამბობს ამაზე უარს. ჩვენ რეალურად გავითვალისწინეთ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდება, თუმცა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არის ოპოზიციის ერთ-ერთი ფიგურა, საერთოდ არ ითვალისწინებს ამ მოწოდებას. ყველამ თავის დასკვნები უნდა გამოიტანოს, მე ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავუკეთე შარლ მიშელს, მან მოისმინა და ალბათ გამოიტანს დასკვნას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ცნობისთვის: დღეს ბუდაპეშტში ევროკავშირის არაფორმალური სამიტი იმართება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, მათ შორის საქართველოს საკითხს განიხილავენ. პრემიერის ხსენებული განცხადებიდან მეორე დღეს, სამიტის დაწყებამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არის გაყალბების სერიოზული ეჭვები და ყველაფერი უნდა იქნას გამოძიებული".

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

ამ მოთხოვნით ოპოზიციამ უკვე გამართა რამდენიმე აქცია და პროტესტს მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S