კობახიძე: ეს ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს და რეალურად აქამდე მიყავთ მათ საკუთარი ხელით პროცესები
13/11/2024 08:00:21 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება, დიდხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას".
"არჩევნების დღეს პროცედურები წარიმართა ელექტრონული წესით, ამომრჩეველთა 90%–ზე მეტმა ხმა ელექტრონული წესით, მანამდე რეგისტრაცია გაიარა ელექტრონული წესით და მათი ხმებიც დაითვალა ელექტრონული წესით. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია რეალურად შეეჯახა ელექტრონულ აპარატებს და ვერას გახდა, რადგან ყველაფერი წარიმართა აბსოლუტური სიზუსტით და ძალიან სწრაფი ტემპით დაითვალა არჩევნების შედეგები. შესაბამისად, მოსადავებელი საერთოდ არაფერია. აქედან გამომდინარე ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია. ამიტომ ვერ თანამშრომლობენ ვერც პროკურატურასთან, მიუხედავად აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებისა. ისინი თავის ხელით აკეთებენ იმ საქმეს, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა. ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება, დიდხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას. ეს ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით და რეალურად აქამდე მიყავთ მათ საკუთარი ხელით პროცესები", – განუცხადა კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებს.
მანამდე, 11 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ ოპოზიციური პარტიების გაუქმების გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშე მიიღოს.
რა თქვა პრემიერ–მინისტრმა
„ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო პერიოდში საუბარი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე. ამას ვუკავშირებდით ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას, თუმცა თუ ასე გააგრძელეს ამ ადამიანებმა, შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც გადავდგათ ეს ნაბიჯი. თუ ისინი გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლას, ამ შემთხვევაში ისინი მოამწიფებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მათ ამის რესურსი ნაკლებად აქვთ, შესაბამისად, მე მგონია, რომ ძალიან მალე ისინი გაჩერდებიან. შესაბამის ინსტრუქციებსაც მიღებენ და არ ვიცი სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ისინი აღმოჩნდები8ან პარლამენტში სკამებზე. აქ საუბარია საკონსტიტუციო სარჩელის შეტანაზე, რასაც სჭირდება დეპუტატების მცირე რაოდენობა. ეს არის აბსოლუტურად საკმარისი. თუ გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ სიარულს, შეიძლება განვიხილოთ ეს საკითხი. თუმცა მერე მხრივ, დღეს იმდენად არის დასუსტებული ოპოზიცია, შეიძლება, ასეთი ზომების მიღება აღარც გახდეს აუცილებელი, თუმცა ცუდი არ იქნებოდა ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისთვის", - განაცხადა 11 ნოემბერს კობახიძემ.
საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში "ქართული ოცნების" ერთ–ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება „კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება და აკრძალვა იყო. აღნიშნულის განცხადების გამო საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას როგორც ოპონენტები, ისე დასავლელი ლიდერები აკრიტიკებდნენ.
- რა წერია კანონში
კონსტიტუციის თანახმად, „პოლიტიკური პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით".
საფუძვლებსა და წესებს განსაზღვრავს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია:
- საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა,
- ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა,
- ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა,
- რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს,
- ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.
ამავე თემაზე: რატომ დაუბრუნდა „ოცნება“ პარტიების აკრძალვის თემას


