12-11-2024 17:31:49 პოლიტიკა ,ანალიზი
მმართველი გუნდი ერთის მხრივ, ოპოზიციურ სპექტრს უუნაროს უწოდებს, მეორეს მხრივ - აკრძალვით ემუქრება, პარალელურად, პარლამენტში ეპატიჟება. კრიტიკოსები ამგვარ წინააღმდეგობრივ გზავნილებს ნიჰილიზმის დათესვის მცდელობად აფასებენ და ეჭვობენ, ანონსი პროცესად იქცეს, მათ შორის, იმის გათვალისწინებითაც, რომ მოვლენათა მსგავსი განვითარება საზოგადოების თვითორგანიზების უნარის მქონე აქტიურ ნაწილში არსებულ საპროტესტო განწყობას ვერ ჩააცხრობს, პირიქით, გაამწვავებს, ხოლო „ქართული ოცნებისთვის“ სადავო არჩევნების შემდეგაც გამოწვევა არა რომელიმე პარტია თუ პოლიტიკური ფიგურა, არამედ მზარდი უნდობლობაა.
„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. პარტია ამომრჩევლისგან საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებისთვის საჭირო მხარდაჭერას ითხოვდა, რათა „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელშიც „ნაციონალურ მოძრაობას“, „ძლიერ საქართველოს“, „კოალიციას ცვლილებისთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ გულისხმობდნენ, არაკონსტიტუციურად გამოეცხადებინა. თუმცა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტუტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვა - პარლამენტში 89 მანდატს მიიღებს, საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის 113 მანდატია საჭირო. მიუხედავად ამისა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თემა პოლიტიკურ დისკურსში კვლავ დააბრუნა.
„თუ ასე გააგრძელეს ამ ადამიანებმა, შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც გადავდგათ ეს ნაბიჯი. თუ ისინი გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლას, ამ შემთხვევაში ისინი მოამწიფებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მათ ამის რესურსი ნაკლებად აქვთ, შესაბამისად, მე მგონია, რომ ძალიან მალე ისინი გაჩერდებიან. შესაბამის ინსტრუქციებსაც მიღებენ და არ ვიცი სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ისინი აღმოჩნდები8ან პარლამენტში სკამებზე. აქ საუბარია საკონსტიტუციო სარჩელის შეტანაზე, რასაც სჭირდება დეპუტატების მცირე რაოდენობა. ეს არის აბსოლუტურად საკმარისი. თუ გააგრძელებენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ სიარულს, შეიძლება განვიხილოთ ეს საკითხი. თუმცა მერე მხრივ, დღეს იმდენად არის დასუსტებული ოპოზიცია, შეიძლება, ასეთი ზომების მიღება აღარც გახდეს აუცილებელი, თუმცა ცუდი არ იქნებოდა ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური განვითარებისთვის,“ - თქვა 11 ნოემბერს ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძემ.
„პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა დამოკიდებულია ოპოზიციის ქმედებებზე, მათ საქციელსა და განცხადებებზე - „ქართული ოცნება“ აკვირდება და დინამიურად მიჰყვება პროცესებს, გამომდინარე იქედან, თუ რა სიტუაცია იქნება და როგორ დაჭირდება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაგრძო 12 ნოემბერს მმართველი გუნდის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კონსტიტუციური უმრავლესობა ვერ მივიღეთ, არ გამოვრიცხავთ დავიწყოთ მუშაობა იმისთვის, რომ ყველა იმ ადამიანმა აგოს პასუხი, რომელსაც ქვეყნის წინაშე მოღალატეობრივი ქმედებები აქვს ჩადენილი, ვინც წარმოადგენდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ძალიან მძიმედ დაამახსოვრდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მათი ხელისუფლებაში ყოფნა. როგორ შეიძლება იყო ხელისუფალი და ექცეოდე შენი ქვეყნის მოსახლეობას ისე, როგორც ეს ადამიანები ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ექცეოდნენ. შესაბამისად, ყველას და ყველაფერს უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი. ცხადია, ამას სჭირდება მტკიცებულებები, რომელიც უამრავი არსებობს. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, სასამართლოს მისაღები იქნება გადაწყვეტილება, იმ მტკიცებულებებსა და ფაქტებზე დაყრდნობით, თუმცა ჯერ დაველოდოთ ჩვენი მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას“,- გვთავაზობს „ქართული ოცნების“ გენმდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე.
ამგვარი პრაქტიკა საქართელოს არ აქვს, თუმცა საფუძვლებსა და წესებს განსაზღვრავს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ ორგანული კანონი. კერძოდ, მე-5 მუხლის მიხედვით, დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.
იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ანონსს პროცესად აქცევს, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე არ ელის, საკონსტიტუციო სასამართლო იქცეს ამ შემთხვევაში ბარიერად, „აკონტროლებს რა „ქართული ოცნება“ უმრავლესობას და მაღალი ალბათობით, შეასრულებს კიდეც დაკვეთას“. თუმცა, კეთილსინდისიერი განმარტების პირობებში სასამართლოსგან ამგვარი გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს:
„პარტიის აკრძალვა ძალიან რთული პროცედურაა: საჭიროა, არსებობდეს აშკარა და მყისიერი საფრთხე, რომ ქვეყანას და საზოგადოებას ექმნება ეგზისტენციური საფრთხეები, რაც ძალიან რთული დასასაბუთებელია. ამ მოცემულობაში ვერავითარ მტკიცებსულებას ვერ ვხედავ“.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „აქცენტთან“ კონსტატირებს, რომ კანონი იმეორებს კონსტიტუციის ნორმას, რა შემთხვევაში შეიძლება აიკრძალოს პარტიის საქმიანობა. არც ერთი კანონით გათვალისწინებული საფუძველი, ხმალაძის დაკვირვებით, რამდენადაც მისთვის ცნობილია, არ არსებობს არც ერთი პარტიის მიმართ. ხოლო თუ არსებობს, მისთვის გაუგებარია, რატომ ეპატიჟებიან მათ პარლამენტში:
„თუ არ შემოვლენ, მაშინ ავკრძალავთო“. მაპატიეთ, მაგრამ თუ ასაკრძალია, უნდა აკრძალო, თუ არ აკრძალავ, თავად დაარღვევ კანონს. თუ ასაკრძალი არ არის, მაშინ რანაირად აკრძალავ თუ პარლამენტში არ შემოვლენ? ერთადერთი რამ შეიძლება მოუვიდეს ადამიანს თავში აზრად - რომ კანონში (კონსტიტუციაში ვერაფერს შეცვლიან) რაიმე დამატებითი საფუძვლები ჩაწერონ“.
თუმცა, ის ხაზს უსვამს, რომ ეს დამატებითი საფუძვლები კონსტიტუციით განსაზღვრულ საფუძვლებს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს. მაგალითად, შეიარაღებული ფორმირების ქონა, რაც კანონშია კონსტიტუციისგან განსხვავებით დამატებით საფუძვლად მითითებული, კონსტიტუციის სხვა ნორმებთან და ზოგად პრინციპებთან წინააღმდეგობაში არ მოდის - შეიარაღების ექსკლუზიური უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფოს:
„რა შეიძლება მოიფიქრონ პარტიის ასაკრძალად საფუძვლის შესაქმნელად, რომ არ ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტიციით განსაზღვრულ საფუძვლებს, ჩემი ფანტაზია ვერ წვდება“.
იმ შემთხვევაში, თუ მაინც დაადგებიან აკრძალვის გზას, მიუხედავად იმისა, რომ ეს იქნება „ანტიკონსტიტუციური, უკანონო, უსამართლო“, კონსტიტუციონალისტი ამგვარი გადაწყვეტილების უსარგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:
„ის ადამიანები, რომლებიც აკრძალული პარტიის წევრები არიან და ის ადამიანები, რომლებიც ამ პარტიას მხარს უჭერდნენ ხომ არ გაქრებიან? შესაბამისად, გადანაწილდებიან იქ, რომელიც მათთან უფრო ახლოს იქნება ან შექმნიან ახალ პარტიას და რა გამოუვათ? ამით მიზანი ვერ მიიღწევა გარდა ერთისა - თუ პარტია აიკრძალა, მას ქონება ჩამოერთმევა“.
გარდა ამისა, მსგავსი ნაბიჯი ავტორიტარიზმისკენ სვლის მკაფიო პოზიციონირება იქნება, „ნელ-ნელა მივა ფაქტობრივ ერთპარტიულობამდე“:
„გახსოვთ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, „ჩვენ შევქმნით კონსტრუქციულ ოპოზიციასო?“ ამაზე მეტი ალოგიკურობა იშვიათად მსმენია. მე რანაირად შეიძლება შევქმნა ჩემი ოპოზიცია? ანუ ვიღაც უნდა დავნიშნო ოპოზიციონერად. ცხადია, რომ ის რეალურად იქნება ოპოზიციონერი“.
საკითხის წამოწევას არასერიოზულად აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი:
„მსგავსი რესურსი არ აქვთ - არ აქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ხოლო თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ, ესეც არასერიოზულია, რადგან შესაბამისი მტკიცებულებები ბუნებაში არ არსებობს“.
აქედან გამომდინარე, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ საქმე გვარს ფსიქოლოგიურ წნეხთან, „როგორმე საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში რომ დანერგონ ნიჰილიზმი, სკეპტიკური განწყობა და ოპოზიცია შეიტყუონ პარლამენტში ამგვარი მუქარებით და ფეხების ბაკუნით“.
ამასთან, მისივე ხედვით, ეს გარკვეულწილად „ხარკის გადახდაა „ანტიმიშა“- ს სეგმენტისთვის, რომლებსაც ატყუებდნენ „ამას და იმას ვიზამთო“.
„დამერწმუნეთ, მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა რომც მოეპოვებინათ, ამას არ და ვერ გააკეთებდნენ. ეს უბრალოდ სატყუარა იყო ადამიანებისთვის. რომ სდომებოდათ, აქამდე გააკეთებდნენ. ეს არის პოლიტიკური რიტორიკა, გათვლილი განსაკუთრებით მშიშრებზე, მაგრამ არა მოაზროვნე ადამიანებზე. ეს არის ფზიქოლოგიური შეტევა და ამის უკან მეტი არაფერი დგას“,- აჯამებს „აქცენტთან“ გია ხუხაშვილი.